ადამიანი მიკროსამყაროა, მას აქვს
ინდივიდუალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უნარი და
მოთხოვნილება. ეს ერთგვარად მიკროსამყაროს დიდ სამყაროსთან
გაერთიანებისაკენ სწრაფვაა, გამთლიანების მცდელობა, თუმცა თითოეული
ინდივიდი სამყაროს საკუთარი მოდელით, ან რუქით სარგებლობს, რომლის
მიხედვითაც წარმართავს თავის ქმედებას.
ინდივიდუალურ მოდელს ვადგენთ
მოდელირების სამი უნივერსალური სისტემით: განზოგადება, გამორიცხვა და
გამრუდება. ეს პროცესები გვეხმარება გადავრჩეთ, განვვითარდეთ,
გვახსოვდეს ყველაფერი გარემომცველი სამყაროს შესახებ.
1. განზოგადება არის პროცესი, რომლის დროსაც ელემენტები, ანდაც მოდელის ნაწილები განეშორებიან პირველსაწყის გამოცდილებას და იწყებენ მოვლენათა მთელი კლასის წარმოდგენას. იგი თითქოს დასწავლის მეთოდია: ბავშვი სწავლობს კარის გახსნას სახელურზე ზეწოლით. შემდეგ განაზოგადებს ამ გამოცდილებას და შეხვდება რა სხვა კარი, ცდილობს გამოიყენოს ეს გამოცდილება_გახსნას ის სახელურზე ზეწოლით. განზოგადება შეზღუდვის პროცესიცაა: თუკი ბავშვი დაიწვა სამზარეულოს გაზქურაზე, აკეთებს განზოგადებას, რომ ყველა სამზარეულო საშიშია და გაურბის მასში შესვლას, ანუ საჭიროების გარეშე ზღუდავს საკუთარ თავს. ქალი, რომელსაც აქვს ორიოდე წარუმატებელი სასიყვარულო გამოცდილება, გადაწყვეტს, რომ ყველა მამაკაცი უგრძნობელია და გაურბის შემდეგ სასიყვარულო ურთიერთობებს.
2. გამორიცხვა _ ამ პროცესის დროს ჩვენ შეგნებულად ვამახვილებთ ყურადღებას ჩვენი გამოცდილების ერთ-ერთ მხარეზე და ასევე შეგნებულად უგულებელვყოფთ (ვტოვებთ) მეორეს. ამის ბრწყინვალე მაგალითია ადამიანი, რომელიც თვლის, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგ ამხედრდა და უსამართლოდ ჩაგრავს, არ ითვალისწინებს საკუთარ ქმედებებს, რომელიც თავისთავად ცდომილია, სამყაროს მიმართ.
3. გამრუდება. ეს არის პროცესი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გარდავქმნათ აღქმის სენსორული მონაცემები. მიკროსკოპი, რომანი, სურათი_ეს ყველაფერი მაგალითებია ჩვენგან რეალობის გამრუდებისა და მისი სხვა სახით წარმოდგენისა. ამ პროცესსაც შეუძლია დახმარება, ისევე, როგორც ზიანის მოტანა.
ლინგვისტური მეთოდების გამოყენებით, რომელთაც მეტა-მოდელები ჰქვია, შესაძლებელია განზოგადების, გამორიცხვისა და გამრუდების პროცესების შეცვლა. მეტამოდელი ეს არის მეთოდების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება ლინგვისტური ინფორმაციის შეკრებისთვის. გვეხმარება ადამიანის მეტყველება შევაუღლოთ იმ გამოცდილებასთან, რომელიც მეტყველებითაა გადმოცემული. საფუძვლად უდევს იდეა, რომ ენა, ეს გამოცდილება არ არის. ისევე, როგორც რუქა არ არის ტერიტორია.
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.