მშობლები ხშირად ჩააგონებენ
შვილებს, ჯერ გაიზარდე, შეიძინე სპეციალობა და მხოლოდ შემდეგ იფიქრე
გოგონებზე (ბიჭებზე). ზოგი მშობელი უფრო შორსაც მიდის: ,,გამოიდევნე
თავიდან ყოველგვარი სისულელე, შენი მოვალეობაა სახლში ჯდომა და
სწავლა!“.
ნუთუ ნამდვილად უშლის მოზარდს ხელს
სიყვარული თავისი არცთუ ისე რთული მოვალეობის შესრულებაში?
თუკი ბავშვი ნორმალურად ვითარდება,
რაც უნდა ფრთხილობდნენ მშობლები, განსაზღვრულ ასაკში მას
კანონზომიერად უჩნდება საპირისპირო სქესისადმი ინტერესი. უფრო მშვიდად
არიან იმ ბავშვების მშობლები რომელთაც კარგი კვების, ძილისა და
გაკვეთილების მომზადების გარდა არაფერი არ აწუხებთ. არადა სწორედ
ისინი უნდა შეშფოთდნენ, რადგან მათი შვილები ჩამორჩებიან განვითარების
ნორმალურ მიმდინარეობას.
სქესობრივი მომწიფების პერიოდში
ხდება პიროვნების ემოციური განვითარება. ამ დროს ახალგაზრდას სურს,
რაღაც დაუმტკიცოს თავის თავსა და სხვებს, განსაკუთრებით კი მიაღწიოს
მათ შორის ერთ-ერთის აღიარებასა და გაგებას.
პიროვნება ინტუიციურად ეძებს
პარტიორს, მას არ შეუძლია და არც სურს მარტო დარჩენა. ის ვინც იპოვის
"იმ ერთადერთსა და განუმეორებელს" და მიაღწევს მის კეთილგანწყობას,
ბედნიერი იქნება სიყვარულში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს
პიროვნების ჰარმონიულ განვითარებას, ოპტიმიზმის გამომუშავებას,
შრომითი ენთუზიაზმის ზრდასა და საერთოდ ცხოვრებაში წარმატების
მოპოვებას.
გაუზიარებელი, ცალმხრივი სიყვარული
კი არასრულფასოვნების გრძნობას იწვევს და მან შეიძლება
ადამიანის მომავალ ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედოს. მაგრამ
სიყვარულის ეს ორივე სახე მხოლოდ გრძნობათა სკოლაა, რომელიც
ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს.
უმჯობესი იქნება, თუ ამ
პერიოდში მშობლები მოიქცევიან როგორც შვილების მეგობრები და არა
სამხედრო მეთაურები, რომელთაც უფლება აქვთ უბრძანონ ან აუკრძალონ მათ
რამე.
იმ მომენტში როცა მშობლისთვის
ცნობილი ხდება, რომ შვილს პირველი სიყვარული ეწვია, მათ უნდა
გამოიჩინონ კეთილგონიერება, სიმშვიდე, რადგან შვილების პირველი
გრძნობა მათთვისაც იქცევა სერიოზულ გამოცდად.
აქ მოწმდება რა მისცეს მათ შვილებს
და რისი გაკეთება ვერ მოასწრეს. თუმცა ყველაზე გონივრული ამ
შემთხვევაში აღზრდის შედეგებსა და საკუთარი შეცდომების ანალიზი
კი არაა, არამედ ბავშვისთვის მაქსიმალური თავისუფლების მიცემა.
შვილმაც თავის მხრივ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა მშობლის წინაშე
მისთვის გაცხადებული ნდობის საპასუხოდ და არ აღიქვას ეს თავისუფლება,
როგორც საშუალება იმისა, რომ მხოლოდ საკუთარი წუთიერი სურვილს
შესაბამისად იმოქმედოს.
თიკო მაისურაძე
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.