მოზარდთა პრობლემებში გამოკვეთილი
ადგილი უკავია თანატოლებთან ურთიერთობის გაძნელებას და მეგობრობის
ცნების არასწორ გაგებას. ურთიერთობებში პრობლემებს იწვევს
თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა, ლიდერობისთვის ბრძოლა, სწრაფად
ცვალებადი და არამყარი ხასიათი.
ეს ზოგადი ნიშნებია თითქმის ყველა
მოზარდისა და ამიტომ შასაძლებელია მათი განზოგადება.
ურთიერთობის ენა მეტად მძიმეა,
ზოგჯერ უხეში ინტონაციებით და იგი ყოველთვის იმეორებს თავად
წარმომთქმელისადმი უფროსების დამოკიდებულებას. თითქოსდა მოზარდი
უფროსებისგან თავისი შეურაცხყოფისათვის შურს იძიებს თანატოლებზე.
იგივეს უნდა განიცდიდნენ ისინი, რასაც თვითონ განიცდიდა, რადგან
თანაგანცდა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იშვიათ შემთხვევაში, როდესაც
თვითდამკვიდრება ხდება სისუსტის ნიშნით (მოზარდი ცდილობს უმწეოდ,
მიუსაფარად მოაჩვენოს თავი თანატოლებს, რათა მოიპოვოს მათი
თანაგრძნობა და მასზე დაფუძნებული პატივისცემა და მზრუნველობაც კი)
სამეტყველო ენა ჭარბად შეიცავს ჭეშმარიტ გრძნობას მოკლებულ საალერსო
სიტყვებს. ისინი ადვილად მანიპულირებენ სხვათა გრძნობებით და ცდილობენ
მართონ სხვები. მიზანს აღწევენ თანატოლთა გარკვეულ ნაწილში და
იმსახურებენ მეორე ნაწილის რისხვას.
ეს ორივე გზა მხოლოდ და მხოლოდ
თვითდამკვიდრების საშუალებაა და არა თვითგამოხატვის, რაც კიდევ უფრო
ძაბავს ისედაც დაძაბულ ვითარებას. ურთიერთობების სისტემა
გარკვეულწილად დაფუძნებულია დაჯგუფების რეაქციებზე. რაც უფრო
მკვეთრადაა გამოხატული კლასში, ჯგუფში მოზარდების სოციალურად
სხვადასხვა წრის კუთვნილება, მით უფრო მეტი დაჯგუფებები წარმოიქმნება
თავად მიკროსოციუმის შიგნით და არ აძლევს მოზარდებს ერთმანეთთან
კომუნიკაციის საშუალებას.
შეინიშნება მეგობრობის ცნების
არასწორი გაგების ტენდენცია: მეგობრობა ესმით არა როგორც საერთო
ინტერესებით, საერთო რწმუნებულებებითა და ღირებულებით გაერთიანების
საშუალება, არამედ მექანიკურად მართული პროცესი: ტერიტორიულად ახლოს
ცხოვრება, სკოლაში ან ბუფეტში ერთად სიარული და ა. შ. რაც იწვევს ამ
გრძნობის ცვალებადობას და არამდგრადობას.
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.