საკუთარი თავის ძიების პროცესი
ერთ-ერთი ურთულესი მექანიზმია ადამიანის განვითარებისას და ზოგჯერ
თითქმის მთელი ცხოვრება გრძელდება. დასაწყისს კი თინეიჯერობის
პერიოდში იღებს. პროცესი მეტ-ნაკლებად მტკივნეულია იმისდა მიხედვით,
თუ ხასიათის რომელი აქცენტუაციის ტიპის მატარებელია მოზარდი.
პროცესის სწორი დასაწყისია კითხვა:
- ვინ ვარ
- რა მინდა
- რა შემიძლია
ეს სამი კითხვა აერთიანებს
პიროვნების ფსიქიკურ რაობას ინტერესებსა და მისწრაფებებთან,
ინტელექტუალური რესურსების მეტ-ნაკლებად სწორი შეფასებისა და ანალიზის
თანხლებით. შეიძლება ითქვას, ეს არის გამთლიანებული პიროვნების
საკუთარი თავის შეცნობის იდეალური სქემა, რომელიც სამწუხაროდ, მრავალ
გარეშე ფაქტორზეა დაყრდნობილი, შინაგან ფაქტორებზე რომ აღარაფერი
ვთქვათ, ადვილად შერყევადი და მყიფეა. ამიტომ მოზარდებში ხშირია
შეცდომები, მტკივნეული დარტყმები, რომელთაც არასრულფასოვნების
კომპლექსების ჩამოყალიბებამდე მივყავართ, ასევე გაზვიადებული და
გადაჭარბებული აღქმები , რომელნიც მოზარდებს საკუთრ თავზე გაზვიადებულ
წარმოდგენებს უყალიბებენ და სტრუქტურულად მეტად რთულ
პასუხისმგებლობათა სისტემას უნერგავენ, ხოლო იმედგაცრუების, ან
მცირედი ჩავარდნის, ან არასასურველი შეფასების (გარშემომყოფთა
მხრიდან) შემთხვევაში, ისევ არასრულფასოვნების კომპლექსამდე
მივყავართ. იკვრება ე. წ. მანკიერი წრე, რომლისგან გამოსვლასაც ხშირ
შემთხვევაში ადამიანები მთელი ცხოვრება ვცდილობთ.
რეკომენდაციები:
- მოერიდეთ მოზარდების თანდასწრებით ოჯახის წევრების მწვავე შეფასებებს, მათი სუსტი მხარეების წარმოჩინებით.
- ნუ განსჯით მოზარდებს, მხოლოდ მათი ოჯახის დანარჩენ რომელიმე წევრთან მსგავსების გამო: “მამაშენივით უყაირთო ხარ” “დედასავით ქარაფშუტა ხარ და ა.შ.
- ეცადეთ ადრეული ბავშვობიდან სწორად გამოიყენოთ ჯილდოსა და დასჯის მექანიზმები.
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.