ბოლო პერიოდში მივიღეთ არაერთი
შეკითხვა/მომართვა ფსიქოთერაპიული განათლების შესახებ გავრცელებული
ყალბი ინფორმაციის ირგვლივ, ამიტომ ვაქვეყნებთ განმარტებას, ყველა
დაინტერესებული პირისათვის/ორგანზიაციისათვის:
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის
(EAP*, EAIP) სრული წევრი დენდრონი გაცნობებთ,
ფსიქოთერაპიის/ფსიქოკონსულტირების ტრენინგები
არ წარმოადგენს საუნივერსიტეტო განათლების
ალტერნატივას. დამაბნეველი ან შეცდომაში შემყვანია ყველა განაცხადი,
რომელიც საუნივერსიტეტო განათლებისთვის დამახასიათებელი
ტერმინების "დიპლომი", "დიპლომის დაცვა" და
სხვა გამოყენებით, მიზანმიმართულად იწვევს ასოცირებას საუნივერსიტეტო
სწავლების შედეგად მისაღებ ხარისხთან/კვალიფიკაციასთან.
მეტიც, ფსიქოთერაპიული
განათლება, რომლის სტანდარტიც დაწესებულია ევროპის ფსიქოთერაპევტთა
ასოციაციის EAP-ის და მისი წევრი ორგანიზაციების მიერ, განეკუთვნება
დიპლომის შემდგომი სწავლების სფეროს, შესაბამისად,
ფსიქოთერაპევტის წოდების მოსაპოვებლად საჭიროა როგორც საუნივერსიტეტო
(მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი) ასევე პოსტდიპლომური განათლების
ერთობლიობა (სულ 3200 საათის მოცულობით).
ევროპული მააკრედიტებელი ორგანიზაციები აღიარებენ განათლებას, რომელიც მიღებულია EAP-ის ან რომელიმე EWAO**-ს მიერ აკრედიტებულ დიპლომშემდგომ ინსტიტუტში.
საქართველოში, ისევე როგორც
მსოფლიოში უმაღლესი განათლების შესაბამისი ხარისხის
მიღების ერთადერთი ფორმაა ხარისხის
მოპოვება ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში ამა თუ იმ სახელმწიფოს
მიერ განსაზღვრული წესით.
ფსიქოთერაპიული ტრენირება, რომელიც
ისახავს მიზნად კანდიდატის სერთიფიცირებას ფსიქოთერაპიაში
საერთაშორისო დარგობრივი ორგანიზაციების სტანდარტის შესაბამისად, არის
პოსტდიპლომური ხასიათის (ბაკალავრის ხარისხის ან ბაკალავრიატის
3 კურსის დასრულების შემდეგ) და გრძელდება მინიმუმ 4 პოსტდიპლომური
წლის განმავლობაში
არცერთი სატრენინგო დაწესებულება, რომელიც გპირდებათ ფსიქოთერაპევტის "დიპლომს", და "ხარისხის მონიჭებას" არ ანაცვლებს საუნივერსიტეტო: საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო ხარისხს, შესაბამისად დაპირებები იმის შესახებ, რომ ტრენირების შედეგად დაიცავთ ხარისხს და მოგენიჭებათ დიპლომი შეცდომაში შემყვანია.
ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციის მისაღებად საჭიროა მიიღოთ ჯერ საუნივერსიტეტო (მინიმუმ საბაკალავრო) განათლება უპირატესად, ადამიანის შემსწავლელ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და შემდეგ მიაკოთხოთ დიპლომშემდგომ დაწესებულებებს. ფსიქოთერაპიული ტრენირების (თუ გაივლით ევროპული აკრედიტაციის მქონე დაწესებულებაში) სრულად გავლის შემდეგ თქვენ შეიძლება მოგენიჭოთ შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი და ფსიქოთერაპევტის სტატუსი*** მააკრედიტებელი ორგანიზაციის EAP/EWAO მიერ.
დარგობრივ ორგანიზაციებს მოვუწოდებთ შემოგვიერთდნენ, გაემიჯნონ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას და ხელი შეუწყონ ფსიქოთერაპიული კვალიფიკაციის შესახებ სწორი ცოდნის ჩამოყალიბებას.
ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან დამაბნეველი ინფორმაციის გამავრცელებელ ორგანიზაციებს კი მოვუწოდებთ შეწყვიტონ დაინტერესებული პირების შეცდომაში შეყვანა და გაითვალისწინონ, რომ მათი ქმედება შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს.
აიმაღლე ცოდნა ფსიქოთერაპიის შესახებ და იყავი დაცული ყალბი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისაგან!
*EAP -ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია -საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც მუშაობს ევროპაში ფსიქოთერაპიული განათლებისა და პრაქტიკის სტანდარტების სრულყოფაზე.
**EWAO - ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაცია - ორგანიზაციის სტატუსი, რომელიც უძღვება ფსიქოთერაპიის ამა თუ იმ დარგს ევროპაში.
***ფსიქოთერაპიის საერთო ევროპული სტანდარტის შესაბამისი სერთიფიცირება მაგალითად, ECP (ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატი) - შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასევე არსებობს EWAO -ების სერთიფიკატები კონკრეტულ ფსიქოთერაპიულ მიმართულებებში მაგ. ECIP).