ფსიქოთერაპიული სესიის სტრუქტურირება და პირველადი ინტერვიუს სწორად წარმოების პრაქტიკუმი მაია ბეგაშვილისგან
დენდრონის ხელმძღვანელის, მაია ბეგაშვილის ბლოგი დამწყები ფსიქოთერაპევტებისა და ფსიქოკონსულტანტებისთვის პირველადი ინტერვიუს სწორად წარმოების შესახებ.
პაციენტთან/ კლიენტთან ინტერვიუს წარმოება ფსიქოკონსულტირების ქვაკუთხედია. თერაპიული პროცესის ეფექტურ წარმართვას ძირითადად, განსაკუთრებით მკურნელობის საწყის ეტაპზე განსაზღვრავს ის, თუ რამდენად სწორად და მოხერხებულადაა წარმოებული პირველადი ინტერვიუ. ინტერვიურება იძლევა საშუალებას გაირკვეს პაციენტთან ურთიერთობის სწორი ფორმა, შეხვედრების რეჟიმი, აადვილებს მკურნალობის სწორი სტრატეგიის დაგეგმვას, მკურნალობის სავარაუდო დროის და შეხვედრების რაოდენობის განსაზღვრას.
მნიშვნელოვანია, რომ ინტერვიუ საკმარისად იყოს ფოკუსირებული პაციენტის შეკვეთაზე და ამომწურავად პასუხობდეს თერაპევტის მიზნებს. ინტერვიუს ტიპს აქვს პირობითი მნიშვნელობა, უკეთესია თუ შერეული ტიპის ინტერვიურებას აწარმოებს სპეციალისტი, სადაც ანამნესტური, კლინიკური და ემოციური ინტერვიურების კითხვები სისტემურად, ურთიერთმონაცვლეობით და მიზანდასახულად დაისმება, კლიენტის შეკვეთის ხასიათიდან გამომდინარე. მთავარია, რომ ინტერვიურების შემდეგ პასუხი იყოს გაცემული შემდეგ საკითხებზე, რომელიც თერაპიული მუშაობის ბაზისი უნდა გახდეს:
1. როგორ გამოიყურება კლიენტი/პაციენტი, მისი ფიზიკური დახასიათება, მეტყველების თავისებურება, აღნაგობა, სიარულის მანერა, რამდენად მოვლილია იგი და რამდენად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ იმიჯზე
2. რატომ მიმართა კლიენტმა/ პაციენტმა თერაპევტს ზუსტად ამ მომენტში და არა სხვა დროს
3. კონკრეტულად რას ელოდება კლიენტი/ პაციენტი ფსიქოთერაპევტისგან
4. საჭიროებს თუ არა პაციენტის პიროვნული და ქცევითი თავისებურებები თერაპევტისაგან მკაფიო ურთიერთობის სტილს (თბილი მოპყრობა, ცივი, არაფორმალური გარემოს შექმნა, კონფიდენციალობის სტილი და ა.შ.)
5. შესაძლებელია თუ არა დამაკმაყოფილებელი, ურთიერთკომფორტული ურთიერთობის დამყარება კლიენტსა და თერაპევტს შორის. თუ პაციენტი გადასამისამართებელია სხვა თერაპევტთან
6. რას უჩივის კლიენტი/პაციენტი, როგორ უშლის ხელს ეს ჩივილები სრულფასოვანი ცხოვრების განხორციელებაში და რა უძღვოდა წინ ამ ჩივილების წარმოშობას.
7. ვლინდება თუ არა ფსიქოზის რაიმე სიმპტომი (აზროვნების დარღვევა, ილუზიები, არაადექვატური ემოციები, არაადექვატური ქცევები და ა.შ.)
8. ვლინდება თუ არა მიდრეკილება თვითდადანაშაულებისა და დეპრესიისაკენ, სუიციდალური ანდაც დანაშაულებრივი გადახრები
9. ვინ ან რა ამყარებს კლიენტის/ პაციენტის არაადაპტურ ქცევას.
10. პაციენტის ძლიერი მხარეები და დადებითი თვისებები
11. არსებობს თუ არა წარმატებული მკურნალობის საკმაო საფუძვლები და როდესაც სესიის პირველი სტრუქტურული ელემენტის, პირველადი ინტერვიურების შესაბამის მოდელს ააგებთ ისე, რომ მოცემულ საკითხებს სრულად მოეფინება ნათელი, იყავით დარწმუნებულნი, წინ წარმატებული თერაპიული პროცესი გელით.

დაკავშირებული ბლოგები:
ნაბიჯი პირველი - ფსიქოთერაპიული სესიის აგება

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი