ჰიპერაქტიურობა ბავშვებში ვლინდება
ასაკისადმი შეუსაბამო უყურადღებობით, გონებადაფანტულობით,
იმპულსურობით და ზედმეტი აქტიურობით. ჰიპერაქტიურობის პირველი
გამოვლინება ხდება
7 წლამდე, განსაკუთრებით
მეტყველების ჩამოყალიბების პიკების პერიოდებში - 1-2 წლის (ყალიბდება
მეტყველების პირველი ჩვევები), 3 წლის (მატულობს სიტყვიერი მასალა) და
6-7 წლის ასაკში (ყალიბდება კითხვის და წერის ჩვევები). მოზარდთა
ასაკში, როგორც წესი, ზედმეტი აქტივობა მცირდება, მაგრამ იმპულსურობა
და ყურადღების დეფიციტი რჩება.სამწუხაროდ დღემდე გამეფებულია
შეხედულება, თითქოს ჰიპერაქტიურობა მხოლოდ ქცევითი პრობლემა იყოს.
არასპეციალისტები უმართებულოდ ხშირად მხოლოდ მომატებული აქტიურობის
გამო მიაწერენ ხოლმე ბავშვს ჰიპერაქტიულობას. სინამდვილეში ეს
სამედიცინო დიაგნოზია და მისი დასმა მხოლოდ სპეციალისტს
შეუძლია.ჰიპერაქტიურობის ძირითად მიზეზად მიიჩნევა ორსულობისა და
მშობიარობის პათოლოგია, ბვშვის პირველი წლების ინფექციები და
ინტოქსიკაცია.სპეციალისტების მტკიცებით ზოგიერთი “ ჰიპერაქტიურობის
სინდრომის “ მქონე ბავშვი გამოირჩევა მაღალი კომპენსაციის უნარით,
თუმცა მათი განხორციელებისთვის საჭიროა გარკვეული პირობების არსებობა.
პირველ რიგში, ბავშვი უნდა ვითარდებოდეს კეთილმყოფელ გარემოში,
ინტელექტუალური გადატვირთვების გარეშე, მშვიდ ემოციურ ატმოსფეროში.
სასურველია მისი სწავლება ხდებოდეს სპეციალური პროგრამით. თუ ეს
პირობები სრულდება და ბავშვს ამასთანავე აქვს შესაბამისი
მედიკამენტოზური მხარდაჭერა, 3-4 წელიწადში ის სრულად უსწორდება
თანატოლებს. ჰიპერაქტიური ბავშვის მკურნალობა კომპლექსური პროცესია -
მასში მონაწილებენ ნევროლოგი, ფსიქოლოგი, პედაგოგი და მშობლები, რა
თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია განემარტოს
მშობლებს, რომ ბავშვი ასე იქცევა არა მშობლების ჯიბრზე, არამედ
იმიტომ, რომ მას ფიზიოლოგიური პრობლემები აქვს, რომლებსაც
დამოუკიდებლად თავს ვერ გაართმევს. ნევროლოგი და ფსიქოლოგი მშობლებს,
საჭიროების შემთხვევაში კი პედაგოგებსაც, განუმარტავენ ასეთი ბავშვის
თავისებურებებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით დაიძლიოს ბავშვის
პრობლემები. როგორც წესი, ჰიპერაქტიური ბავშვის მშობლები განიცდიან
დიდ სიძნელეებს მასთან ურთიერთობისას. ზოგნი ცდილობენ მკაცრი ზომებით
ებრძოლონ ბავშვის “გაუგონრობას’’, უზრდიან დატვირთვებს, მკაცრად სჯიან
პატარა სიცელქის გამოც კი, შემოაქვთ შეუხრელი აკრძალვები. ზოგნი,
ყველა მცდელობის გაქარწყლების შემდეგ, საერთოდ აღარ აქცევენ
ყურადღებას მის საქციელს, რითაც ართმევენ მას მოზრდილების
მხარდაჭერას, რომელიც ასე საჭიროა მისთვის. ზოგი მშობელი, მოსმენილი
შენიშვნისა და გმობის შემდეგ, მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებს
ყველაფერში და დეპრესიაში ვარდება, რაც თავისთავად კიდევ უფრო
ამძიმებს მდგომარეობას. ხშირად მშობელი იბნევა, აღარ იცის, როგორ
მოიქცეს ბავშვთან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მივაწოდოთ საჭირო
რეკომენდაციები ბავშვის ახლობლებს. ბავშვის დედას, მამას, ბებიას და
ბაბუას უნდა ავუხსნათ, რომ ბავშვი არ არის დამნაშავე თავის საქციელში,
რომ ზედმეტი სიმკაცრე და დასჯა მხოლოდ დაამძიმებს
მდგომარეობას.ჰიპერაქტიურ ბავშვს უნდა ვესაუბროთ მშვიდად, ალერსიანად.
ასეთი ბავშვები ძალიან ემოციურები არიან და მალე იზიარებენ ჩვენს
გუნებაგანწყობას.ჰიპერაქტიული ბავშვები ხშირად სწრაფად ითვისებენ
ინფორმაციას, რაც აძლევს მშობლებს საბაბს მისცენ მათ დამატებითი
დატვირთვები სხვადასხვა წრეების სახით. თუმცა სასწავლო დატვირთვების
გაძლიერება ხშირად იწვევს გადაღლას, ჭირვეულობას და საერთოდ უარის
თქმას სწავლაზე. ზოგი მშობელი ირჩევს ყველაფრის უფლება მისცეს ბავშვს
და მიხვედრილი ბავშვი ძალიან მალე იწყებს მოზრდილებით მანიპულირებას.
იმის გამო, რომ ასეთ ბავშვს განსაკუთრებით სჭირდება ნებადართულობის
ზუსტი საზღვრები და აუცილებელი ‘’ უკუკავშირი“ მოზრდილთან, ასეთ
შემთხვევაში საქციელი მხოლოდ მძიმდება. .როგორც წესი, ჰიპერაქტიურ
ბავშვს ყველგა აძლევენ შენიშვნებს - სახლში, საბავშვო ბაღში, სკოლაში,
რის გამოც ძალიან ზარალდება მისი თვითშეფასება. ამიტომ ის ხშირად უნდა
შევაქოთ წარმატებებისა და მიღწევებისთვის, თუნდაც მცირეოდენისთვის.
თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ დაუშვებელია დაუმსახურებელი
შექება.
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.