ბავშვის უფლებათა კონვენციის
თანახმად (მუხლი მე-18 ნაწ. 1) მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში
კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და
განვითარებაზე.
ამ ორი საპასუხისმგებლო მოვალეობის
მიღმა უამრავი საკითხი დგას, რაც, ხშირ შემთხვევაში, არასწორადაა
გაგებული.
როგორც წესი, ბავშზე ზრუნვა და
მისი განვითარება შემოიფარგლება ძირითადი მოვალეობებით: კვება,
ფიზიკური უსაფრთხოება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, აუცილებელი, ან თუნდაც
ბავშვის მიერ მოთხოვნილი ნივთები, ფორმალური და არაფორმალური
განათლების მიღება.
ეს ყოველივე მცირედია იმასთან
შედარებით, რასაც სინამდვილეში აღზრდისა და განვითარების ცნებები
გულისხმობს.
ამ მოვალეობების შესრულებით,
შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურად ჯანმრთელი ბავშვის ჩამოყალიბება ისიც
საუკეთესო შემთხვევაში.
ჯანმრთელი ადამიანის
ჩამოსაყალიბებლად კი ფიზიკურად ჯანმრთელი სხეულთან ერთად საჭიროა
ჯანმრთელი ფსიქიკა.
მშობლები ხშირად ვერ ხსნიან
თავიანთი შვილების ისეთ ქცევებს, როგორებიცაა: სიზარმაცე, არაფრის
კეთების სურვილი, აგრესია, ბილწსიტყვაობა, სისასტიკე, ყველაფრისადმი
პროტესტის გამოხატვა, გულჩათხრობილობა, სრული იზოლაცია ან პირიქით,
ზედმეტად „გათქვეფა“ გარე სოციუმში.
ასეთი მშობლები ხშირად აღნიშნავენ,
რომ პირნათლად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, მაგრამ ვერ მიაღწიეს
სასურველ შედეგს.
რა უნდათ შვილისგან?
ამ კითხვაზე პასუხისას მშობლები
მრავალპუნქტიან მოთხოვნებს ჩამოთვლიან, მაგრამ იშვიათად თუ იციან რა
სურთ შვილებს.
ხშირ შემთხვევაში მშობლები თავიანთ
შვილებს "არ იცნობენ“ და არც ცდილობენ გაცნობას. მშობლობა კი
ღრმა და ბევრის მომცველი მისიაა, რომლის პირნათლად
შესასრულებლად გარკვეული ცოდნები და კომპეტენციებია
საჭირო.
კარგი მშობლობა დასწავლადია,
თუმცა, ამისთვის საჭიროა სურვილი.
არსებობს უამრავი ლიტერატურა,
ვიდეო თუ აუდიომასალა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბავშვის
ფსიქოლოგიის შესწავლა. ამით მშობელს შეუძლია, მეტად გაიგოს ბავშვის
ამა თუ იმ უცნაური ქცევების სავარაუდო მიზეზები, გამოიმუშაოს ის
უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარება საკუთარი შვილის უკეთესად
შეცნობაში, გაიგოს რა კითხვები დაუსვას შვილს და როგორი პასუხები
გასცეს მოზარდის მიერ დასმულ კითხვებს.
საერთოდ, დროულად და სწორად
დასმული კითხვები მშობელს გაუმარტივებს ბავშვის მოთხოვნებისა და
საჭიროებების დროულ გაგებას.
ქვემოთ შემოგთავაზებთ იმ ძირითად
კითხვებს, რაც აუცილებლად უნდა დაუსვას ყველა მშობელმა თავის
შვილს:
• რა უნდა თავად ბავშვს?
• თვითონ როგორი უნდა რომ
იყოს?
• რას ითხოვს მშობლისგან?
• კმაყოფილია კი თავისი მშობლით და
თუ არა, რას შეცვლიდა მასში?
• თუ მისი ნება იქნება, ისურვებდა
კი იმავე მშობელს და თუ არა, რა ნიშნით აირჩევდა სხვას?
• მოსწონს თუ არა ბაღში, ან
სკოლაში ყოფნა და თუ არა, რა არის ის, რაც არ მოსწონს?
• ჰყავს თუ არა ისეთი მეგობრები,
როგორიც უნდა და ადვილად ამყარებს თუ არა მათთან ურთიერთობას?
• განსაკუთრებულად ანიჭებს თუ არა
რამე აქტივობა სიამოვნებას და რამდენად ხშირად ახერხებს მის
კეთებას?
• ყოფნის თუ არა დრო საყვარელი
საქმიანობისთვის?
• რა უხარია და რა სწყინს ყველაზე
მეტად?
• რა სიამოვნებს და რა არ
სიამოვნებს ყველაზე მეტად?
• ეშინია თუ არა რამის?
• ჩამოყალიბებული აქვს თუ არა
წარმოდგენა მომავალ პროფესიაზე?
• როგორ ესახება თავისი
მომავალი?
• რა არის მისთვის ცხოვრება და რა
მოლოდინები აქვს მისგან?
ეს ისეთი კითხვებია, რომელთა
დასმის დროს ბავშვის ასაკი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. მისთვის
გასაგებ ენაზე ახსნათ და განმარტოთ, თუ რას გულისხმობთ თითოეულ
კითხვაში. შესაძლოა ბავშვს თვითონაც აღეძრას კითხვები და
კითხვაზე კითხვით გიპასუხოთ.
თუ არ გაქვთ პასუხი, გულახდილი
იყავით და შეპირდით, რომ მომავალში იფიქრებთ (ოღონდ აუცილებლად უნდა
შეასრულოთ).
თუ ბავშვის მიერ დასმული კითხვებით
და თქვენს კითხვებზე მათ მიერ გაცემული პასუხებით შეძლებთ გაიგოთ
თქვენი შვილის სურვილები, მოთხოვნები და მოლოდინები, ჩათვალეთ, რომ
ყოველგვარი დახმარების გარეშე ართმევთ მშობლობას თავს. მაგრამ თუ ამ
ყველაფერმა ბევრი თავსატეხი გაგიჩინათ, საკუთარი ცოდნებითა და
კომპეტენციებით ვერ უმკლავდებით მშობლობას და ამ შემთხვევაში
აუცილებელად გჭირდებათ სპეციალისტის ჩარევა.
ფსიქოკორექციისა და
ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ "დენდრონში"
ფუნქციონირებს ოჯახის ფსიქოლოგის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც
დენდრონის პროფესიონლთა გუნდი დაგეხმარებათ ბავშვებთან დაკავშირებულ,
ასევე სხვა ტიპის პრობლემების გადაჭრაში.
დაგვიკავშირდით:
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით:
+995 (599) 505 898
+995 (790) 800 303
დაგვიკავშირდით:
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით:
+995 (599) 505 898
+995 (790) 800 303