დეპრესია ფსიქიკური აქტივობის
დათრგუნვაა, რომელიც ვლინდება ქცევის უკიდურეს პასიურობაში,
თვითშეფასების დაქვეითებაში, ცხოვრებისეული პერსპექტივების
უგულებელყოფაში, დარდებისა და სასოწარკვეთილების მყარ გრძნობაში,
შფოთვის მაღალ ხარისხში. იგი შესაძლოა გამოწვეული იყოს
გადაღლით, ან ნეგატიური
ფსიქოგენური მოწმედებებით. მას XXI საუკუნის შავ ჭირსაც უწოდებენ.
ეტიო-პათოგენეზში არაერთ მიზეზზე მიუთითებენ, თუმცა აქტუალურია
დაავადებისადმი გენეტიკური მიდგომაც, კერძოდ ლონდონის სამეფო კოლეჯის
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ არსებობს ასეთი გენი 5-ნტტ, რომელიც
ტვინს სეროტონინის დაგროვებაში უწყობს ხელს, ხოლო ამ ნივთიერების
ნაკლებობა ჩვენი ხასიათის გაუარესებას იწვევს. სეროტონინის რაოდენობას
5-ნტტ აკონტროლებს. აღმოჩნდა, რომ ვისაც მოკლე აქვს ეს გენი, იგი
გამუდმებით დეპრესიას განიცდის. ამ ვერსიას ფართო აღიარება არ
მოუპოვებია, თუმცა ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ, რომ სეროტონინის
საჭირო რაოდენობით მიღება ხელს შეუწყობს ადამიანის გუნება-განწყობის
გაუმჯობესებას. დეპრესიისთვის დამახასიათებელია დარდი მომავალი
საფრთხის დიფუზიური განცდით, ფიზიკური დაძაბუნების შეგრძნებით აწმყო
და მომავალი შავ ფერებში ჩანს. წარსული აღიქმება, როგორც შეცდომების,
ან ცოდვების ჯაჭვი. დეპრესიის დროს არაფერს მოაქვს სიხარული და
ხალისი, ანდაც ეს გრძნობები მეტად ზედაპირულია. დეპრესიულ რეაქციას
ახასიათებს მდგომარეობათა ფართო სპექტრი. მათგან გამოვყოფთ
რამდენიმეს.
- კლასიკური დეპრესია
- ფარული შენიღბული დეპრესია
- შფოთიანი აჟიტაციური დეპრესია
- დეპრესიულ-პარანოიალური მდგომარეობები
- ასთენიური დეპრესია
- ადინამიური დეპრესია
- სუბდეპრესია
განვიხილოთ თითოეული
მათგანი:
1. კლასიკური დეპრესია.დეპრესიული სინდრომის “ტრიადის” შემადგენლობაში შედის გუნება-განწყობის გაფუჭება, ასოციაციათა შენელება და მოტორული შეკავება. მას, როგორც წესი, თან ახლავს დეპრესიული შინაარსის ბოდვითი იდეები_თვითბრალდების, თვითდამცირების, ცოდვიანობის ავადმყოფური აზრები. ეს მდგომარეობა მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის დეპრესიული ფაზისათვისაა დამახასიათებელი. ღრმა დეპრესიის დროს მოტორული შეკავება სრულ უძრაობას აღწევს_ეს არის დეპრესიული სტუპორი. ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია აგრეთვე სულიერი უგრძნობლობის, განცდათა გაქრობის, სიცარიელის მტანჯველი გრძნობა_”Anestesia psychica dolorosa”.
2. ფარული, შენიღბული ანუ ლავრირებული დეპრესია.
ამ ჯგუფს მიეკუთვნება ჰიპოთიმიის
ისეთი სახეები, რომელთა დროს წინა პლანზე გამოდის პოლიმორფული
სომატო-ვეგეტატიური აშლილობები: ტკივილი და არასასიამოვნო შეგრძნებები
სხეულის სხვადასხვა ნაწილებში_გული, ხელი, ფეხი, კუჭი და ა.შ. ისინი
ფარავენ , შლიან ემოციური ტონის დაქვეითებას და დომინირებულ ადგილს
იჭერენ კლინიკურ სურათში, რაც ართულებს დიაგნოსტიკას. ამიტომ მსგავსი
ჩივილების დროს სასურველია თერაპევტმა ურჩიოს პაციენტს სათანადო
ფსიქოდიაგნოსტიკა და ფსიქოლოგის ან ფსიქოთერაპევტის
კონსულტაცია.
3. შფოთინ-აჟიტირებული დეპრესია
მძიმე დეპრესიულ აფექტს შეიძლება
თან ახლდეს შფოთვა, აფორიაქება, შიში. ვითარდება მელამქოლიური
განწყობილება. ეს ფორმა ძირითადად ინვოლუციურ ასაკში გვხვდება.
მდგომარეობის დამძიმებასთან ერთად ჩამოთვლილ ნიშნებს ემატება
ჰიპოქონდრიული, ნიჰილისტური ხასიათის ბოდვითი აზრები.იდეები სამყაროს
დაღუპვის, მტანჯველი უკვდავების, ბოროტი სიდიადის შესახებ, შეფერილი
პოლიმორფული სენსოპათიური შეგრძნებებითა და ჰიპოქონდრიული განცდებით.
ეს მდგომარეობა კოტარის სინდრომის სახელითაა ცნობილი.
4. დეპრესიისას ემოციურ რეაგირებას შეიძლება თან დაერთოს სხვადასხვა შინაარსისა და სტრუქტურის ბოდვითი იდეები, რაც წარმოჩინდება რთულ ფსიქოპათოლოგიურ კომპლექსებში. ესაა დეპრესიულ-პარანოიალური მდგომარეობანი_დევნისა და დანაშაულის, ბრალდების, ზემოქმედების ბოდვითი იდეები, თანდართული შიშსა და შფოთვასთან, ინსცენირების გრძნობასთან, მდგომარეობის მწვერვალზე განვითარებული ცნობიერების სიზმრისმაგვარი, ონეიროიდული შეცვლით.
5. ასთენიური დეპრესია_ გუნება-განწყობის დაქვეითებას თან ერთვის გამოხატული ფიზიკური სისუსტე, განლევადობა, ჰიპერესთეზიები და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება.
6. ადინამიური დეპრესია
ხასიათდება საერთო
გუნება-განწყობის დაქვეითებასთან დართული მოდუნებით, ტონუსის
დაქვეითებით, აპათიით, გარემოს მიმართ ინტერესის დაკარგვით.
7. სუბდეპრესია
გუნება-განწყობის ფონის სუსტად
გამოხატული დაქვეითებაა, რომლის დროსაც დეპრესიისათვის
დამახასიათებელი ყველა ნიშანი გამოხატულია თითქმის
უნმნიშვნელოდ.
ზემოთ ჩვენ შემოგთავაზთ დეპრესიის კლინიკური ვარიანტები. ახლა კი გთავაზობთ სხვა კლასიფიკაციას:
1. რეაქტიული დეპრესია_ვლინდება ძლიერი მწუხარების გადატანის შემდეგ. თუკი თქვენს ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევა იყო, გაითვალისწინეთ, რომ ორმოცი დღის განმავლობაში მწუხარება ეს ნორმალურია, მაგრამ თუკი შემდგომშიც გრძელდება იგი, უნდა მიმართოთ სპეციალისტს. სხვათა შორის ამავე კატეგორიაში განიხილება გარემო წრის, ანდაც სამუშაო ადგილის უეცარი ცვლილება.
2. ნევროტიული დეპრესია, ანდაც სიტუაციური დეპრესია. ეს არის დეპრესია ვითარებიდან გამომდინარე: საყვარელ ადამიანთან დაშორება, ჩავარდნილი პრეზენტაცია, ცუდად ჩაბარებული გამოცდა და ა. შ. ის სტრუქტურულად ნაკლებად განსხვავდება საკუთარი თავის დადანაშაულებისაგან. ახლავს სევდა, შფოთვა, დანაშაულის შეგრძნება. ადვილად გაუმკლავდებით ინტერესების სფეროს გაფართოეითა და ყურადღების სხვა რამეზე ორიენტირებით.
3. შენიღბული დეპრესია_ასეთი რამ ყველას შემთხვევია. ხარ ცუდად, ცუდად, ძალიან ცუდად, მაგრამ არ იცი რატომ, ან რისგან. სხვათა შორის, სულ ახლახანს მედიცინაში გამოჩნდა ტერმინი: “მეტეოდამოკიდებული ადამიანი”: ის ტირის წვიმის გამო, იცინის მზესთან ერთად. შენიღბული დეპრესია ხშირად ვითარდება პრობლემის ფონზე, რომელიც შეუმჩნეველია. აქ მთავარია მისი გახსნა. აქ აუცილებელია სპეციალისტის დახმარება.
4. ღრმა დეპრესია. ანდაც ფსიქოტიურ_ენდოგენური დეპრესია. ეს სერიოზული პრობლემაა. მითუფრო ცუდია, თუკი ადამიანი მალავს თავის მდგომარეობას და თავს ჩვენებს, თითქოს ყველაფერი კარგადაა_იღიმის. მოსალოდნელია სუიციდი, ანდაც სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობის შექმნა. ასეთ პაციენტებს ენიშნებათ ანტიდეპრესანტები მცირე დოზით და იმყოფებიან სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ.
5. სიმპტომური დეპრესია ვლინდება როგორც სხვადასხვა დავადების შედეგი_დაუკმაყოფილებლობის მუდმივი შეგრძნებისა და ფიზიკური სისუსტის ფონზე . საჭიროა სხვადასხვა სპეციალისტებთან სათანადო კონსულტაციები და იმ დაავადებების პროფილაქტიკა და სათანადო მკურნალობა.
მთავარი კითხვაა რა ვქნათ თუკი ის
მაინც გვეწვია, ეს არასასურველი დეპრესია? პანიკაში ნუ ჩავარდებით,
დაიმახსოვრეთ: თუკი თქვენ შეგწევთ ბრძოლის ძალა, ანდაც სურვილი მაინც
გაქვთ, ეს ჯერ კიდევ არ არის ნევროტიული დაავადების მძიმე ფორმის
მაჩვენებელი, რადგან მსუბუქია, მასთან გამკლავებაც შესაძლებელია.
მთავარია არ დაისახოთ შეუსრულებელი ამოცანები, არ იყოთ
პესიმისტი_რომელიც ყოველთვის ფიქრობს ცუდზე. იფიქრეთ, რომ უარესიც
შეიძლება ყოფილიყო. იკითხეთ გასართობი ლიტერატურა, იკონტაქტეთ
პოზიტიურ ადამიანებთან, ახლო კონტაქტი იქონიეთ ბუნებასთან და დროულად
მიმართეთ სპეციალისტს.
დეპრესია საკმაოდ სერიოზული დარღვევების მომტანია ადამიანის ცხოვრებაში, დაწყებული პიროვნული პრობლემებიდან დამთავრებული ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი ურთიერთობებით.
იგი შეიძლება გამოწვეული იყოს
როგორც შინაგანი მიზეზებით, რომლებიც დაკავშირებულია ფიზიკურ
ჯანმრთელობასთან, ასევე სულიერი განცდებით, უსიამოვნებები,
იმედგაცრუებით, სტრესით. მისი შეცნობა ადვილია კლასიკური ტრიადით:
სასიცოცხლო ენერგიის დაქვეითება, მადის დარღვევა, ცხოვრებისეული
ინტერესების დაკარგვა.
მთელ რიგ შემთხვევებში დეპრესიული მდგომარეობის განვითარებისა და მისი დამძიმების მიზეზი ჩვენს თავშივე უნდა ვეძიოთ. საქმე იმაშია, რომ ზოგჯერ ჩვენ მთელი მონდომებით ვცდილობთ თავი შევიცოდოთ და ეს სწორედაც რომ მახეა. რაც უფრო მეტად ადანაშაულებს ადამიანი მთელ სამყაროს საკუთარი თავის წინაშე, მით მეტად უტევს აპათია, რომელიც უკარგავს ყოველგვარ უნარს შეცვალოს რაიმე უკეთესობისაკენ.
დეპრესია მშვიდი ცხოვრების
დაავადებაა. ექსტრემალურ სიტუაციებში მაგ. ომი, სტიქიური უბედურება,
ადამიანები მისით არც თუ ისე ხშირად ავადობენ.
როგორც წესი, დეპრესია ვითარდება
შინაგანი კონფლიქტის საფუძველზე, რომელიც გამოწვეულია სურვილებისა და
შესაძლებლობების შეუსაბამობით. ადამიანს არ სურს იმის გაკეთება, რასაც
მისგან მოითხოვენ, რაც შინაგან დაძაბულობას ზრდის_ეს უკვე
შეუსაბამობაა სურვილებსა და ქმედებებს შორის. ადრე თუ გვიან შინაგან
კონფლიქტს მოჰყვება სტრესი. სიტუაციის განსამუხტავად ჩვენი ორგანიზმი
იწყებს თავდაცვას. თავდაცვის ასეთ ფორმად შეიძლება მოგვევლინოს
სიტუაციის აბსტრაგირება, რაც პრობლემის გადაჭრისგან კიდევ უფრო
აშორებს.
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.