ოჯახური ფსიქოთერაპია არის
ფსიქოთერაპიის განსაკუთრებული დამოუკიდებელი მეთოდი, რომელიც
მიმართულია ოჯახური ურთიერთობებისა და ოჯახშიდა ემოციური მუხტის
დაბალანსებაზე, იგი იყენებს სისტემური ზემოქმედების სხვა და სხვა
მეთოდებს და ოჯახს განიხილავს როგორც ღია ცოცხალ სისტემას და
მიმართულია ოჯახში ინდივიდის ბიო/ფსიქო/სოციალური სტატუსის
სტაბილიზაციისა და ოპტიმიზაციისაკენ ოჯახის და მისი წევრების
დახმარებით.
რადგან ოჯახი შეიცავს როგორც
სანოგენურ, ასევე პათოგენურ პოტენციალს, ოჯახური ფსიქოთერაპია
მიზანმიმართულად მუშაობს კლიენტის/პაციენტის ფსიქოლოგიურ, სოციალურ და
ბიოლოგიურ სტატუსზე ოჯახში და ოჯახის დახმარებით.
მუშაობისას იგი ეყრდნობა
მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებათა მეთოდებს: კლიენტზე
ცენტრირებულ თერაპიას, ანალიტიკურ ფსიქოდრამას, გეშტალტ თერაპიას,
ფსიქოლოგიის ნარატიულ/კონსტრუქციულ მიდგომას, ფსიქოანალიზს,
ურთიერთობების ფსიქოლოგიას, კომუნიკაციური არხების თეორიებს,
სისტემების თეორიას, კიბერნეტიკას და ა. შ.
არსებობს ოჯახური ფსიქოთერაპიის რამდენიმე მიმართულება:
1. ოჯახური ფსიქოანალიტიკური
ფსიქოთერაპია - მუშაობის ინსტრუმენტებად იყენებს: კონფრონტაციას,
კლარიფიკაციას, გამოცდილების გადამუშავებასა და თავისუფალი
ასოციაციების
მეთოდებს;
2. სისტემური ოჯახური ფსიქოთერაპია
-(წარმომადგენლები: კლუ მადანესი, სალვადორ მინუხინი, მარა
სალვინი პალაციოლი და ა.შ)- ოჯახი გადის ოჯახური განვითარების
კრიზისებს, რომელთა გადალახვისას მცირედი დისფუნქციაც კი ოჯახის ყოველ
წევრზე გარკვეულ კვალს ტოვებს. ფსიქოთერაპიული მუშაობისას ხდება
ოჯახურ ურთიერთობათა
რეკონსტრუქცია;
3. პალო ალტოს სკოლა -(ჯეი ხეილი,
მიურეი ბოუენი)-მუშაობისას იყენებს პრობლემაზე ორიენტირებულ
მეთოდოლოგიას და მეტაფორულ
პარადოქსებს.
4. სტრატეგიული ოჯახური
ფსიქოთერაპია -მოკლევადიანი სტრატეგიული ოჯახური ფსიქოთერაპია -(კარლ
უიტეკერი, კლუ მადანესი) - ამ მიმართულებაში დიდი ყურადღება ექცევა
გამოვლენილი სიმპტომის დეტალებს, ნაკლებადაა ფოკუსირებული თავად
ოჯახზე, როგორც
მთლიანობაზე;
5. ოჯახური ქცევითი ფსიქოთერაპია -
ქცევის შეცვლა არის სტრატეგია ამ მიმართულების, ერთ-ერთ მეთოდად
იყენებს ოჯახის წევრთა
ტრენირებას;
6. გამოცდილებაზე ორიენტირებული
ოჯახური ფსიქოთერაპია (ვირჯინია სატირი, ვიტაკერი)- პოზიტიური
გამოცდილების გამოყენება სიმპტომის
გადალახვისთვის;
7. ტრანსგენერაციული ოჯახური
ფსიქოთერაპია (ჯ. ფრანო, ფეირბეირნი)- ავლენს ინტერესს თაობათა
რიგებში მიმდინარე ტრანსაქციული პატერნების
ევოლუციისადმი.
ოჯახური ფსიქოთერაპიის მიზანია:
1. ოჯახური მიკროკლიმატის მხარდაჭერა და ოპტიმიზაცია;
2. ოჯახის ყოველ წევრში ფორმირება
შეგრძნების, რომ მათ ინდივიდუალიზმს და მოთხოვნილებებს პატივს სცემენ
ოჯახის დანარჩენი წევრები;
3. ოჯახურ პრობლემაზე
პასუხისმგებლობის გადანაწილება თანაბრად ოჯახის წევრების მიერ;
4. ოჯახის წევრებში ერთმანეთისადმი
ემპათიის გამომუშავება;
5. ოჯახის თავისადმი ოჯახის
წევრებში ტოლერანტული დამოკიდებულების ფორმირება;
6. ოჯახური პრობლემებისას
გადაწყვეტილების ჯგუფური მიღების უნარ-ჩვევების ოპტიმიზაცია;
7. ოჯახში ბალანსირებული
ურთიერთდამოკიდებულების და ოჯახური პასუხისმგებლობების
ფორმირება.
ოჯახური ფსიქოთერაპია გამოიყენება:
1. როგორც ერთად ერთი სამუშაო ინსტრუმენტი ე. წ. სიმპტომის
მატარებელთან. (სიმპტომის მატარებელი არის ოჯახის სომატური,
ნევროლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური ავადობების მატარებელი
წევრი); 2. ასევე, დამოკიდებულებათა სინდრომებთან
(ალკოჰოლდამოკიდებულება, თამაშდამოკიდებულება,
ინტერნეტდამოკიდებულება, წამალთ დამოკიდებულება,
საკვებდამოკიდებულება) 3. ბავშვთა ქცევითი დარღვევებისას; 4. შფოთვითი
აშლილობებისას; 5. ნევროტიული მდგომარეობებისას და ა. შ.
ოჯახური ფსიქოთერაპიის ცოდნა აუცილებელია ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, ფსიქოკონსულტანტებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, ოჯახის ექიმებისთვის, ასევე მისი ელემენტების ცოდნა საჭიროა ბავშვთა ჯგუფებთან მომუშავე პირებისთვის - პედაგოგებისთვის, აღმზრდელებისთვის, სამართალდამცველებისთვის, უფლებადამცველებისთვის, რომლებიც მუშაობენ ოჯახური ძალადობის პრობლემაზე, სხვა და სხვა სოციალურ ჯგუფებზე მომუშავე პირებისა და ეიჩარებისთვის.