კორონავირუსი - როგორ მივუდგეთ საკითხს
კორონავირუსის გავრცელება არის მსოფლიოს არაერთი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საერთო გამოწვევა. საზოგადოების მაღალი დაინტერესებისა და შფოთვის ხარისხის მატების გამო გთავაზოთ რამდენიმე რეკომენდაციას:

1. პანიკა არ არის გამოსავალი
პანიკა ვერ დაგეხმარებათ ვირუსისგან თავდაცვაში. მეტიც, ეს გაგირთულებთ გააზრებული პრევენციული ზომების მიღებას. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დაფიქრება და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა პირადი და გარშემომყოფთა უსაფრთხოების დაცვისათვის, დაავადების გავრცელების რისკის შესამცირებლად და ფსიქოეკოლოგიის დასაცავად. 

2. მიიღეთ ინფორმაცია ისეთად როგორიც არის
ინფორმაციისგან გაქცევა ასევე არ არის გამოსავალი. იყო ინფორმირებული ნიშნავს მეტ დაცულობას. ამ კუთხით საჭიროა არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ ავთენტური და გადამოწმებადი წყაროების მხედველობაში მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსთან დაკავშირებულ ბევრ კითხვაზე პასუხის პოვნა სამომავლო კვლევებზეა დამოკიდებული, აუცილებელია უკვე არსებული ინფორმაციის და რეკომენდაციების გათვალისწინება.

3. შეასრულეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყოველდღიურად აახლებს ინფორმაციას ვირუსის გავრცელების მასშტაბების, მისი თავისებურებების და გავრცელებასთან ბრძოლის შესახებ. ამ კუთხით მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდის პირადი პასუხისმგებლობა. ჰიგიენის დაცვა ხელს უწყობს ვირუსის პრევენციას და გავრცელების რისკის შემცირებას.


4. მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა დაგვეხმარება გავრცელების რისკის შემცირებაში
ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა მხოლოდ სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობა არ არის. მიუხედავად მათ მიერ გაწეული ძალისხმევისა, ეფექტიანი პრევენცია შეუძლებელი იქნება  სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობის გარეშე, რაც პირველ რიგში, მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაში გამოიხატება.
მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს ზრუნვას როგორც უახლოეს გარშემომყოფებზე: ოჯახის წევრებზე, ნათესავებსა და მეგობრებზე, ასევე საზოგადოების ჩვენთვის უცნობ ნაწილზე.
ვირუსული ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვა და თვითიზოლაცია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითია.

5. დაინფიცირება არ არის დასასრული
ვირუსის გავრცელების რისკის შემცირებასა და პირადი ჰიგიენის დაცვასთან ერთად, უნდა გვახსოვდეს, რომ ფსიქიკური წონასწორობის შენარჩუნება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ აღმოვჩნდებით ვირუსით ინფიცირებულთა შორის. აუცილებელია ექიმის დანიშნულების მიღება და მის მიერ განსაზღვრული რეჟიმის დაცვა.
დაავადების განკურნების სტატისტიკა საკმაოდ მაღალია: არსებული მონაცემებით უკვე გამოჯანმრთელდა 70 000-ზე მეტი ადამიანი.

ფსიქოთერაპიისა და კონსულტირების სახლი დენდრონი გისურვებთ ფსიქიკური წონასწორობის შენარჩუნებას და ჯანმრთელობას.

იხილეთ თვითრეგულაციის პრაქტიკუმი.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი