საავტორო კუთხე

"ფრთხილად, ოჯახში მოზარდია" - ეკატერინე დარსანია მოზარდთან ოჯახური ურთიერთობის აგების შესახებ
დენდრონის ფსიქოთერაპევტის, ეკატერინე დარსანიას ბლოგი შეეხება მოზარდებსა და მშობლებს შორის ოჯახური ურთიერთობების აგების თავისებურებებს.

მოზარდი მშობლების მიმართ ხშირად უხეში და ცინიკურია, უწევს წინააღმდეგობას, უდგება ჯიბრში. მთავარი მიზეზი კი მხოლოდ ისაა, რომ მას არა აქვს საკუთარი პოზიციის დაცვის ალტერნატიული მოდელი. 



პირველ რიგში, მშობელმა უნდა ისწავლოს მოზარდის მოსმენა, შეეცადოს გაიგოს მისი საჭიროებები, შიშები, შფოთვის მიზეზები. მნიშვნელოვანია ისწავლოს მისი ნდობა და  შეეცადოს გაუგოს მას. მეორე, დაეხმაროს მას გაიფართოვოს ქცევის მოდელები, ამისათვის კი თვითონ უნდა იყოს იმ სასურველი ქცევის მატარებელი, რომელსაც მოითხოვს მოზარდისგან. შეეცადოს დაანახოს მოზარდს, რომ ბრაზის გამოხატვის სხვადასხვა კონსტრუქციული გზა არსებობს. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, მოზარდისთვის ამბოხი შეიძლება დარჩეს სამყაროსთან ურთიერთობის მთავარ ფორმად, რადგან უწყვეტი მეამბოხეობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც სოციალური გარემოცვა ან სიტუაცია, რომელშიც მოზარდი იმყოფება, ასევე რომელიმე ფორმის ფსიქიკური აშლილობა. საბედნიეროდ, ფსიქიკური აშლილობები საკმაოდ იშვიათია და მისი არსებობის შემთხვევაში ის აუცილებლად მოითხოვს სამედიცინო სპეციალისტების ჩარევას.


  • რატომ არიან თინეიჯერები აგრესიულები, უხეშები და მეამბოხეები?
მოზარდებში აღნიშნული ქცევების მთავარი მიზეზი არის ჯერ კიდევ ფორმირების- ყოველდღიურ ცვლილებების ეტაპზე მყოფ პიროვნებასა და უცვლელ გარემოცვას შორის კონფლიქტი. ხდება მოზარდის სხეულის ფუნდამენტური რესტრუქტურიზაცია. მარტო ჰორმონალურმა „ქარიშხალმა“, რომელიც ჯერ კიდევ გუშინდელი ბავშვის ორგანიზმში მძვინვარებს, შეიძლება გამოიწვიოს უკონტროლო ემოციების ამოფრქვევა. ამ დროს არა მხოლოდ სხეულში ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, არამედ ბავშვის ფსიქიკაშიც. თუ ბავშვობაში მშობლები, პედაგოგები და მასწავლებლები მისთვის აბსოლუტური ავტორიტეტები იყვნენ, მათი აზრი და შეფასება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა მის თვითშეფასებაზე, მოზარდობაში რადიკალურად იცვლება ავტორიტეტები. მოზარდს უკვე მიღებული აქვს გარკვეული გამოცდილება და ცდილობს საკუთარი მოსაზრების საფუძველზე, განახორციელოს მოვლენების შეფასებები, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები. ახლა უკვე, ოჯახის საზღვრებს მიღმა ქმნის დაჯგუფებას და ამ ჯგუფის წევრების მოსაზრებები უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისთვის. ის უკვე მიბაძვისკენ მიისწრაფვის და ხელმძღვანელობს სხვა მოზარდების განსჯით. თუ მშობლები არ გაითვალისწინებენ შვილთან ამ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს და ისინი კვლავ გააგრძელებენ მასთან კომუნიკაციას, როგორც პატარა ბავშვთან, ამით ძირს გამოუთხრიან მის თვითშეფასებას და დამოუკიდებლობის აღიარებას. თინეიჯერების ფსიქიკა ცდილობს შეინარჩუნოს თვითშეფასება და ამბოხით გაუმკლავდეს მატრამვირებელ მშობელს. შედეგად, ჩვენ ვიღებთ იდეალურ საფუძველს კონფლიქტისთვის. ზოგჯერ, სწორედ ამიტომაც შეიძლება მოზარდი მშობლების მიმართ უხეში იყოს. მოზარდთან კონფლიქტი შეიძლება შესუსტდეს მაშინ, როდესაც გაუგებს მშობელი თუ რას მოითხოვს მოზარდი. ყველა მოზარდის მოთხოვნილებაა აღიარონ მისი დამოუკიდებლობა და უფრო მეტი თავისუფლება მიეცენ მას. ამიტომ უნდა მივანიჭოთ მას გონივრული თავისუფლება!


  • როგორ უნდა რეაგირებდნენ მშობლები თინეიჯერის უხეშობაზე, ამბოხზე და დაუმორჩილებლობაზე?
როგორც ნებისმიერ კონფლიქტში, ზეზღურბლოვან ემოციებზე "თავაზიანი" რეაგირება, იგნორირება, დაყვავება, სიტუაციის მოგვარების ყველაზე ცუდი გზაა. ამბოხის, აგრესიის და უხეშობის საპასუხოდ, უმჯობესია მშობლის მხრიდან მშვიდად და თავდაჯერებულად აღინიშნოს, რომ მასთან საუბარი ამ ტონით დაუშვებელია და ურჩევნია მოზარდს ცოტა ხნით მარტო დარჩეს, დაფიქრდეს და მხოლოდ დამშვიდების შემდეგ განაახლოს კონკრეტულ საკითხზე საუბარი. როდესაც ემოციები დარეგულირდება, მოზარდი დაწყნარდება, საჭიროა მასთან გასაუბრება, რამ გამოიწვია კონფლიქტი, რას გრძნობდა თინეიჯერი და კონკრეტულად რამ გააღიზიანა. მშობელმაც თავისი მხრიდან უნდა დააფიქსიროს მისი ემოციები და დამოკიდებულება მოზარდის უხეშობაზე. უთხრას მოზარდს თუ როგორ ცუდად გრძნობდა თავს, როგორ ეტკინა გული. ამავე დროს, მშობელმა ხაზი უნდა გაუსვას ძალიან უყვარს მისი შვილი და სწორედ უსაყვარლესი ადამიანისგან ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო გულსატკენია. შემდეგ უკვე ორივემ ერთად გამოსავლი იპოვოს და კომპრომისით მოაგვაროს დაწყებული კონფლიქტი.


  • როგორ მივაღწიოთ თინეიჯერთან შეთანხმებას, თუ მას არ სურს მოსმენა, უკან დახევა, აგრძელებს ამბოხს, ან საკუთარ თავში იკეტება?
თუ ბავშვს არ აქვს მშობლებთან როგორც ტოლი-ტოლთან საუბრის გამოცდილება და მშობლები უცებ მოითხოვენ მისგან სულიერ, გულწრფელ საუბარს, მაშინ რა უნდა ქნას მოზარდმა? მას რჩება მხოლოდ ერთი გზა, გააგრძელოს ამბოხი და უხეშობა, არ მოუსმინოს მათ და დააიგნოროს მშობლების რეაქცია. მოზარდს, რომელსაც არ აქვს მშობელთან გულწრფელი საუბრის გამოცდილება, უბრალოდ ვერ წარმოუდგენია რაზე უნდა ისაუბროს მათთან, მან არ იცის როგორ გაუზიაროს მათ თავისი გრძნობები, ემოციები. მას არ ასწავლეს მშობლებმა სმსგავსი კომუნიკაცია. ამ შემთხვევაში რა ქნას, რაგზა დარჩენია მოზარდს? საჭიროა მშოველმა პირველი ასეთი გულწრფელი საუბრის დროს ინიციატივა გამოიჩინოს, უთხრას, რომ ის გუშინდელ ბავშვს დღეს უკვე აღიქვამს როგორც სრულყოფილ ადამიანს და სურს მასთან როგორც ტოლი-ტოლთან საუბარი. მოზარდთან ურთიერთობისას დაივიწყოს შენიშვნები, მენტორული ტონი და ესაუბროს მშვიდად, გაწონასწორებულად. საუბრის დროს დაანახვოს გულღიაობა, გულწრფელობა და მოთმინება. დაანახვოს რომ მასაც არ აქვს გამოცდილება და უჭირს მასთან საუბარი. ითხოვოს მოზარდისგან მხარდაჭერა, გამხნევება. არავითარ შემთხვევაში არ ესაუბროს ისე, როგორც ეჭვმიტანილს გამომძიებელი, არ ითამაშოს, რომ ის ასეთ საუბრებში ექსპერტია, არ გააუფასუროს მოზარდის არც ერთი ინიციატივა. ეს ყველაფერი მოზარდთან რკინის კედლის აშენების ტოლფასია.


  • რა ხდება მაშინ, როცა მოზარდი სიძულვილს, ზიზღს და მტრობას ღიად გამოხატავს მშობლისადმი? 
საყვარელ ადამიანებს შორის მტრობა მოწმობს ოჯახური ურთიერთობების პათოლოგიაზე. ზოგადად არსებობს ორი ვარიანტი.: პირველი - როცა მოზარდი თავისი მტრობით და უხეშობით იგერიებს რომელიმე მშობლის „არარანსაღ მიდგომას“ ურთიერთობისადმი, დამამცირებელ დამოკიდებულებას მის მიმართ ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ და მეორე - როცა მშობლის "მარწუხები" იმდენად ძლიერია, რომ ბავშვი დატყვევებულის პოზიციაშია, ხელ-ფეხ შეკრულს სუნთქვა უჭირს და ყოველი მისი მცდელობა გათავისუფლდეს მარწუხებიდან უშედეგოა. ასეთი მშობელი მოზარდის თხოვნას ან მოთხოვნას არაფრად აგდებს და მას არ აღიქვამს სერიოზულად. 

გონიერი მშობელი არ ებრძვის თავის შვილს, ის მუდამ მიყვება მას მხარდამხარ. ის ხვდება, რომ მოზარდი კი არ არის მტერი და მოწინააღმდეგე, არამედ მისი შიშები, შფოთვა, ეჭვები და უნდობლობაა. მშობელი უნდა დადგეს მოზარდის მხარეს, გაითვალისწინოს მისი სურვილები, უფლებები და მისცეს გონივრული დამოუკიდებლობა და თავისუფლება. მხოლოდ ასეთი გზით ნაკლებ მტკივნეულად გაივლის მოზარდობის რთული პერიოდი ორივესთვის და შემდეგ უფრო მეტი სიყვარული, პატივისცემა, თანადგომა და ურთიერთ გაგება დაისადგურებს მათ ოჯახში.
ბეჭდვა