საავტორო კუთხე

ნაბიჯი პირველი - ფსიქოთერაპიული სესიის აგება მაია ბეგაშვილისგან
დენდრონის ხელმძღვანელის, მაია ბეგაშვილის* მასტერკლასი ფსიქოთერაპევტებს ფსიქოთერაპიული სესიის ორგანიზებისათვის:

თუ გსურს ფსიქოთერაპიაში იყო ეფექტიანი, (ეფექტიანობის ქვეშ ვგულისხმობ სესიის ორგანიზებულ წარმართვას, შეკვეთის სწორ გააზრებას და თერაპიულ ეფექტებამდე მაქსიმალურად სწრაფად და ეკოლოგიურად მისვლას) შეინარჩუნო კონსტრუქციულობა, მიიღო კრეატიული გადაწყვეტილება, იმუშაო თანმიმდევრულად და სწრაფად, კომპლექსურად, უნდა დაძლიო რვა წინააღმდეგობა:

1. ამბივალენტური გრძნობები და რეაქციები (ემოციური ჩართულობა ქეისში, ფსიქო/ფიზიკური მახასიათებლების ცვლილება მუშაობისას).
2. არაადაპტირებული ქცევები (ყველა ქცევითი აქტი, რომელიც კონკრეტული ქეისის სესიის წარმოებისას შესაძლოა არაადაპტური იყოს, თუმცა ზოგადად სხვაგან და სხვა სიტუაციაში ადაპტური და მისაღები).
3. დეზინფორმაცია (განსაკუთრებით დისფუნქციური რწმუნებულებები, ფსიქოთერაპევტი, რომელიც საკუთარ რწმუნებულებებშია ჩაჭედილი და თავად ვერ ფართოვდება საშიში ხდება თერაპიის პროცესში, როგორც კლიენტისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის).
4. ინფორმაციული ვაკუუმი (ანდაც, უნარების უკმარისობა, უცოდინრობა, გულუბრყვილობა, აქ ვამბობთ ყველაფრისმცოდნიების გასაგებად, რომ "ყველაფერი" არავინ იცის, ყველაფრის ექსპერტი შეუძლებელია იყო და რაც უფრო მცირე ცოდნას ფლობ, მით უფრო ადვილად წარმოიდგენ, "ყველაფრისმცოდნეობას" გახსოვდეს: არსებობენ უფრო გამოცდილი ფსიქოთერაპევტები და იკითხე, წაიკითხე, მოიძიე, გახსოვდეს! _ საქმე ფსიქიკურ პროცესებს ეხება და უფლება არ გაქვს ადამიანები დააზიანო!) ... თუმცა ამ ბოლო ხანებში უცნაურ ფაქტორს წავაწყდი: სრული უვიცობის ფონზე კრიტიკა აღარ დგება... და ვეღარ იგებს ადამიანი, თუ რატომაა ის, სხვა, მეტად კომპეტენტური... ეს ისე, სასხვათაშორისოდ.
5. პიროვნებათშორისი ზეწოლა, ანდაც სოციალური შეკვეთა გარშემომყოფთაგან (გახსოვდეთ! შეკვეთის მიღმა ყოველთვის პრობლემა არ დევს, თავად შეკვეთაც, ზოგჭერ ზეწოლის ელემენტებს ატარებს, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს).
6. ბიოლოგიური დისფუნქცია( აქ ყველაზე მარტივი გამოსავალია ფსიქოთერაპევტი მუდამ თავად ფსიქოთერაპიას გადიოდეს).
7.  გარე სტრესორები (ცხოვრებისეული სირთულეები და გამოწვევები, ვფიქრობ გვესმის რაც იგულისხმება).
8. ტრავმული გამოცდილება (იგულისხმება თერაპევტის ტრავმული გამოცდილება!) და ბოლოს, ეს ყველაფერი რომ გადალახო, საჭიროა მუდამ სუპერვიზორის მეთვალყურეობით მუშაობდე. დღეს, საქართველოში ეს უკვე შესაძლებელია.

*ECP ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის პირველი ქართველი სერთიფიცირებული ფსიქოთერაპევტი - მულტიმოდალური მიმართულება, ფსიქოთერაპიის სახელმწიფო სერთიფიკატის მფლობელი ექიმი-ფსიქოთერაპევტი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის წევრი და ფსიქოთერაპევტი, პროფესიონალ ფსიქოთერაპევტთა ლიგის ფსიქოთერაპევტი.
ბეჭდვა