ქალაჩუნა და ქალაბიჭა - ანეტას ბლოგი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის, ანეტას ბლოგი სქესთან დაკავშირებული სტერეოტიპების შესახებ.

უცვლელად გთავაზობთ ავტორის ჩანაწერს. კომენტარის სახით შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი პოზიცია ასახულ საკითხზე ასევე გვაცნობოთ, თუ რა თემაზე ისურვებდით საავტორო ჩანაწერის ხილვას. გაცნობებთ, რომ საავტორო კუთხისთვის ავტორთა ახალი ნაკადის მიღება დაიწყება 1 აპრილიდან.

- „მუცელში ისეთი მოუსვენარი იყავი, ბიჭად უნდა დაბადებულიყავი“ ; „გოგო ხარ, შვილო, ცოტა ნაზად!“; 
- „ამას ძალიან სხვანაირი ტვინი აქვს, კაცური აზროვნება“, - როგორც კომპლიმენტს, ისე ამაყად ღიმილით წარმოთქვამს დედა საკუთარ გოგონაზე ;
- „გოგოები ხართ, სირცხვილია, ერთ თეფშს არ გადადგამთ გვერდზე“. უნივერსიტეტიდან და სამსახურიდან მოსული „სამარცხვინო“ გოგონები მეორე დღისთვის მოსამზადებელ მასალას სწავლობენ მათი ძმა უბრალოდ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ვიდეოს უყურებს და რა თქმა უნდა, არ ეხება მშობლების განაწყენებული მიმართვა;
- „კაცი არ ხარ?! სირცხვილია, ნუ ტირი ,კაცს ტირილი არ უხდება, დედი“, ეუბნებიან 3 წლის ბიჭს.
ამგვარი ფრაზები სამწუხაროდ არაერთხელ გვსმენია , შეიძლება ზოგჯერ საკუთარი თავის მისამართითაც. რამდენად მართებულია მათში მოხსენიებული მახასიათებლების სქესისთვის მიკუთვნება? სქესი ორგანიზმის მორფოლოგიურ და ფიზიოლოგიურ ნიშან-თვისებათა ერთობლიობაა, რომელიც უზრუნველყოფს მის მონაწილეობას ახალ თაობათა წარმოქმნაში და შთამომავლობისთვის მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემაში.

alt
ანტენატალურად ნაყოფის ჰიპერაქტიურობას სქესის ინდიკატორად ვერ ჩავთვლით . მისი განსაზღვრა შეიძლება ექოსკანირებით . მოუსვენრობას და სინაზეს არ გააჩნიათ სქესი, თუ შეიძლება ასე ითქვას. იქნებ გარკვეულ სიტუაციაში გადაწყვეტილების სწრაფად, „ემოციებზე აყოლის, დაბნევის, პანიკის, ისტერიკის“ გარეშე მიღებასაც არ აქვს სქესი?„თეფშის გვერდზე გადადგმა“ , „სახლის საქმე“ არ არის მხოლოდ მდედრობითი სქესის კუთვნილება. „კაცისთვის ტირილი სირცხვილია“ და ქალისთვის არა ? „კაცს ტირილი არ უხდება“ და ქალს უხდება?

ტირილი, რომელიც წარმოადგენს პასუხს გარკვეულ ემოციურ მდგომარეობაზე, ტკივილზე ან თვალის ფიზიკურ გაღიზიანებაზე, არ არის სამკაული ან ლამაზი ტანსაცმელი , რომ ვინმეს მოუხდეს. „სირცხვილია,ნუ ტირი!“, ასეთი მიმართვით, პირველ რიგში, ქვეცნობიერში ვაგზავნით სიგნალს, რომ ბავშვის ემოციები არ არის მნიშვნელოვანი, ღირებული; მეტიც, შემაწუხებელია ან ზედმეტად ძლიერია იმისთვის,რომ ჩვენ გავუმკლავდეთ. ამგვარი ფრაზებით მათ ვერ დავეხმარებით ემოციების რეგულირების სწავლაში.

კაცის ფერი არ არის ვარდისფერი“,  XX საუკუნის დასაწყისში კი პირიქით ფიქრობდნენ. საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ვარდისფერი უფრო ძლიერი ფერია და ამიტომ ბიჭებს მეტად შეეფერება, მაშინ,როცა ცისფერი,რომელიც უფრო დელიკატურად მიაჩნდათ, გოგონებს უფრო გაალამაზებდა. XIX საუკუნის შუა ხანებამდე ჩვილებს თეთრ ფერში მოსავდნენ. ასე და ამგვარად , სხვადასხვა ეპოქაში ერთმანეთს ენაცვლება უამრავი სტერეოტიპი.
ტერმინი „სტერეოტიპი“ სტამბიდან წამოვიდა. ის მძიმე საბეჭდ ფორმას, გალვანურ კლიშეს აღნიშნავს, რომელიც ერთხელ ჩამოყალიბების შემდეგ ძნელად იცვლება. ასეთივე, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობა აქვს მას სოციალურ ფსიქოლოგიაშიც. ზოგიერთ შემთხვევაში, ერთხელ შექმნილი წარმოდგენა ადამიანთა ჯგუფის/კატეგორიის შესახებ ვრცელდება მის ყველა წევრზე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა იგი კონკრეტულ პიროვნებას.
alt

სტერეოტიპული აზროვნება არის სქემატური აზროვნების ერთ-ერთი გამოხატულება; იდენტიფიცირებული ჯგუფის წევრების მსგავსების შესახებ ფართოდ გავრცელებული აზრი. სტერეოტიპები მუშაობენ როგორც სქემები ამ ჯგუფების აღქმის დროს. ისინი ,თავდაპირველად, გავლენას ახდენენ იმაზე, თუ რას აღვიქვამთ, შემდგომ კი იმაზე, თუ რას ვიმახსოვრებთ.

სტერეოტიპი ადამიანების ან იდეების ძალზე გამარტივებული, განზოგადებული და ხშირად გაუცნობიერებელი აღქმაა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს წინასწარ შექმნილი ნეგატიური აზრი და დისკრიმინაცია. სწორედ ამიტომ, უმჯობესია ვეცადოთ თითოეული სიტყვა გამოვიყენოთ საკუთარი მნიშვნელობით და დანიშნულებით . ეს პროცესი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდება ჩვევად; საბოლოოდ, მისი თითქმის გაუცნობიერებლად შესრულება მიგვიყვანს დადებით შედეგებამდე პიროვნებათა შორის ურთიერთობებში, რაც ესოდენ აუცილებელია ჯანსაღი საზოგადოებისთვის.

გაგვიზიარე შენი აზრი

პარტნიორები

დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები და დაელოდეთ ჩვენს ზარს, ან დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ ნომერზე: 599 505 898