როგორ მივიღოთ კვალიფიციური ფსიქოთერაპია?
დენდრონი განაგრძობს საქართველოში ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას.

სტატია შედგენილია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ შემუშავებულ სტანდარტზე დაყრდნობით.

კვალიფიციური ფსიქოთერაპიული სერვისის უზრუნველსაყოფად აუცილებელია პაციენტი/კლიენტი სრულად იყოს ინფორმირებული მის მიერ მისაღები მომსახურების შესახებ.
ფსიქოთერაპიის შესახებ ცოდნის ნაკლებობის გამო ხშირად ადამიანები მომსახურებას იღებენ არა იმ სპეციალისტისაგან, რომლის დახმარებაც რეალურად ესაჭიროებათ, არამედ სხვა დარგის წარმომადგენლისგან, ან თერაპიის განხორციელების კვალიფიკაციის არმქონე, ბაზისური (Basic) განათლების სპეციალისტისგან. არის შემთხვევები, როდესაც მომსახურების მიმღები ვერ აცნობიერებს მის მიმართ ფსიქოთერაპიული ეთიკის ნორმების დარღვევას, ამ პროცესში ხარჯავს ბევრ დროს, ფსიქიკურ ენერგიას და ფინანსებს, მისი მდგომარეობა კი გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება.
ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომელიც დაგეხმარებათ კვალიფიციური ფსიქოთერაპიული სერვისის შერჩევაში და იმ უფლებების გაცნობიერებაში, რომელიც გაქვთ  მომსახურების მიღების პროცესში.

1. რომელ სპეციალისტს მივმართოთ?
ეს არის კითხვა, რომელიც პირველ რიგში იბადება, მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ მიიღოთ ფსიქიკასთან დაკავშირებული მომსახურება. ხშირ შემთხვევაში პაციენტები/კლიენტებს უჭირთ ერთმანეთისგან განასხვაონ სამი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი: ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი.
- ფსიქიატრი არის ექიმი, რომელიც დახმარებას უწევს პაციენტებს ფსიქიკური აშლილობების მართვასა და მკურნალობაში (მაგალითად, შიზოფრენია, ალცჰაიმერის დაავადება და სხვა.). მკურნალობის პროცესში ფსიქიატრები იყენებენ მედიკამენტოზურ ჩართულობას. ფსიქიატრი შეიძლება ფლობდეს ასევე ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციას, თუმცა ფსიქიატრის პროფესია პირდაპირ არ გულისხმობს ფსიქოთერაპიულ სპეციალიზაციას.
- ფსიქოლოგი არის ფსიქოლოგიაში სპეციალიზირებული პირი, რომელსაც არ აქვს ფსიქოთერაპიის წარმოების უფლება სპეციალური დიპლომშემდგომი განათლების გარეშე. ფსიქოლოგის პროფესია ზოგჯერ შეცდომით იგივდება ფსიქოთერაპიასთან. ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანების შესახებ. ის შეისწავლის ადამიანის აზროვნების ქცევის, მოქმედებების თავისებურებებს. ფსიქოლოგს ენიჭება ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გაივლის სპეციალიზირებულ დიპლომშემდგომ კურსს, რომლის სტანდარტიც შემუშავებულია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ (ვრცლად ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).
- ფსიქოთერაპევტი უძღვება ფსიქოთერაპიულ პროცესს. ის მუშაობს შემდეგ შემთხვევებზე: პოსტ ტრავმული სტრესულ მდგომარეობა, ფობიები, ადრეული ბავშვობის ტრავმები, კვებითი აშლილობები, ფსიქოსომატური მდგომარეობები, სუიციდური აზრები, ობსესიური ქცევები და სხვა.  ფსიქოთერაპიული ჩართულობა ხდება შფოთვის და დეპრესიული მდგომარეობის, ყურადღების კონცენტრაციის პრობლემების, ურთიერთობის ჩამოყალიბების სირთულის, სამსახურებრივი სირთულეების დროს. ფსიქოთერაპია არ შემოიფარგლება მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე მუშაობით, მის სამუშაო არეალში შედის ასევე შინაგანი სიცარიელის შეგრძნება, საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნების არარსებობა და სხვა. ფსიქოთერაპიული ჩარევა რეკომენდებულია როგორც ზრდასრულებთან, ასევე მოზარდებთან და ბავშვებთან როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური სესიების სახით.
ფსიქოთერაპია არის დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინა, მისი პრაქტიკა წარმოადგენს დამოუკიდებელ და თავისუფალ პროფესიას (იხ. ბმული). ის მოიცავს კონკრეტულ მიდგომებს და მეთოდოლოგიას რომელიც გამოიყენება თერაპიის პროცესში. 

2. ვალიდურია თუ არა მეთოდი, რომლითაც ფსიქოთერაპევტი მუშაობს?
ფსიქოთერაპია არის მკვეთრად განსაზღვრული მიდგომების და მეთოდების ერთობლიობა, რომლის გამოყენების შედეგადაც დგება თერაპიული ეფექტი. ფსიქოთერაპიულ პროცესად ვერ ჩაითვლება დიალოგი ორ ადამიანს შორის ზუსტად განსაზღვრული მიზნის, საჭირო მიდგომის შერჩევის, ტექნიკების ჩართულობის და მკვეთრად განსაზღვრული სისტემის გარეშე. თერაპიული ეფექტი არ დგება ზოგადი ფილოსოფიური საუბრით.
უნდა გადამოწმდეს ვალიდურია თუ არა მიმდინარეობა, რომლითაც სპეციალისტი მუშაობს. ვალიდური ფსიქოთერაპიული მიმდინარეობების ჩამონათვალი შემუშავებულია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ და ქართულენოვანი ვერსია მოწოდებულია დენდრონის მიერ შემდეგ ბმულზე. ფსიქოთრაპევტმა თავის სამუშაო მიმართულებად შეიძლება განსაზღვროს ჩამოთვლილი მიმდინარეობებიდან ერთი ან რამდენიმე.

3. როგორ გადავამოწმო სპეციალისტის კვალიფიკაცია?
ზემოთ მოყვანილ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია შეესაბამება თუ არა სპეციალისტის კვალიფიკაცია იმ მიმართულებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, რომელშიც იგი მოღვაწეობს. ფსიქოთერაპიული გაანთლების სტანდარტი მოიცავს სულ მცირე შვიდ წელს, რომელთაგან სულ მცირე სამი წელი უნდა დაეთმოს საუნივერსიტეტო განათლებას, ხოლო 1400 საათი (4 წელი) დიპლომშემდგომ სწავლებას. მას შემდეგ, რაც სპეციალისტი მოიპოვებს ამა თუ იმ ვალიდური მოდალობის განხორციელებისთვის საჭირო განათლებას, ის იღებს ამის დამადასტურებელ სერთიფიკატს. ვალიდური ფსიქოთერაპიული მიმდინარეობის ფარᲗო აკრედიტაციის ორგანიზაციები როგორც წესი, აწარმოებენ იმ პირების რეესტრს, რომელთაც მოპოვებული აქვთ ამა თუ იმ მოდალობაში მუშაობისთვის საჭირო კვალიფიკაცია. მაგალითად:

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სერტიფიცირებული ქართველი სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ ბმულზე

გეშტალტთერაპიიის ევროპული ასოციაციის სერტიფიცირებული ქართველი სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ ბმულზე



ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ფსიქოთერაპიული განათლება ზოგ სკოლში დაყოფილია საფეხურებად, მაგალითად როგორიცაა დამწყები კონსულტანტი (Basic Consultant), სერთიფიცირებული ფსიქოთერაპევტი (Certified Psychotherapist), ევროპული სერთიფიცირებული ფსიქოთერაპევტი (European Certified Psychotherapist) და სხვა. ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად დამწყებ კონსულტანტებს არ აქვთ ფსიქოთერპიის წარმოებისთვის საკმარისი კვალიფიკაცია. 
ასევე საქართველოში არსებობს სახელმწიფო ლიცენზია ფსიქოთერაპიაში. სახელმწიფო ლიცენზია 2010 წლამდე გაიცემოდა ექიმებზე, რომლებმაც გაიარეს რეზიდენტურა ფსიქოთერაპიაში. სახელმწიფო სერტიფიცირებულ სპეციალისტები უფლებამოსილნი არიან გაუძღვნენ ფსიქოთერაპიულ პროცესს როგორც დამატებით ევროპული სერთიფიცირების არსებობის შემთხვევაში, ასევე მის გარეშე, თუმცა, სახელმწიფო სერთიფიკატი მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

4. ხომ არ მესაჭიროება დამატებით სხვა სპეციალისტის ჩართულობა?
არის შემთხვევები, როდესაც სრულყოფილი პროცესის წარმოებისთვის აუცილებელია რამდენიმე სპეციალისტის ერთდროულად ჩართულობა. სპეციალისტი ვალდებულია აცნობოს პაციენტს/კლიენტს სხვა სპეცილისტის ჩარევის აუცილებლობის შესახებ. ასეთი შემთხვევებია მაგალითად ფსიქოთერაპიის წარმოების პროცესში აღმოჩენილი ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, რა დროსაც აუცილებელია ფსიქიატრის ჩარევა. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი აშლილობის ნიშნები არ ფიქსირდება, პაციენტი/კლიენტი უნდა გადამისამართდეს ფსიქოთერაპევტთან.

დასასრულ, გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომლითაც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ფსიქიკასთან დაკავშირებული მომსახურების მიღებისას:


1. არ არის სირცხვილი იკითხო!
დასვი კითხვები ყველა იმ საკითხის შესახებ, რომლის ცოდნაც შენთვის მნიშვნელოვანია. იცოდე იმ სპეციალისტის კვალიფიკაცია, რომლის მომსახურების მიღებასაც აპირებ შენი უფლებაა! სპეციალისტს უნდა შეეძლოს პასუხი გასცეს კითხვებს როგორც თავისი სამუშაო მეთოდიკის, ასევე მის მიერ მიღებული განათლების  შესახებ. მას უნდა შეეძლოს დაასახელოს ზუსტი კვალიფიკაცია და მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

2. კრიტიკული აზროვნება შენი უფლებაა!
შენ გაქვს უფლება იაზროვნო კრიტიკულად, დასვა კითხვები და მიიღო პასუხები მათ შორის, თერაპიული ეფექტის შესახებ, რომლის გამოც მიმართე სპეციალისტს. შენ გაქვს უფლება მოითხოვო ინფორმაცია ფსიქოთერაპევტთა პროფესიული ეთიკის შესახებ და მოითხოვო მისი დაცვა როგორც მომსახურების მიღებისას, ასევე მისი დასრულების შემდგომ (მაგალითად კონფიდენციალურობის ვადლებულება).

3. სპეციალისტთან დადებულ არც ერთ შეთანხმებას, რომელიც გიზღუდავს სხვა სპეციალისტისთვის მიმართვის უფლებას იურიდიული ძალა არ აქვს!
სამწუხაროდ არის შემთხვევები, როდესაც სპეციალისტები კლიენტების შენარჩუნებას მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევის ნაცვლად შემზღუდველი შეთანხმებების დადებით ცდილობენ. არავის აქვს უფლება შეთანხმებით განგისაზღვროთ მიმართავთ თუ არა სხვა სპეციალისტს, როდის, როგორ და ვის მიმართავთ, ან პირიქით, დაგავალდებულოთ ამა თუ იმ პირის მომსახურების მიღება.
თუ სპეციალისტი თვლის, რომ გარკვეული დროის განმავლობაში სხვა სპეციალისტის ჩართვა არ არის რეკომენდირებული თერაპიული შედეგის დადგომისათვის, მას შეუძლია მხოლოდ გირჩიოთ ამის შესახებ. სხვა სპეციალისტის ჩართვის საჭიროების დანახვისას, ეთიკურად მომუშავე ფსიქოთერაპევტი გასცემს მხოლოდ რეკომენდაციას/რჩევას.  ამგვარი ვალდებულების დაკისრება დაუშვებელია.
 
4. თერაპიის საწყის ეტაპზე ახალი კითხვების წამოჭრა, გარკვეული დისკომფორტი ნორმად ითვლება, მაგრამ თერაპიული კურსის დასრულებისას უნდა დადგეს კონკრეტული, იდენთიფიცირებადი თერაპიული ეფექტი!
ფსიქოთერაპიული მომსახურების მიღება გულისხმობს სისტემატიზირებულ პროცესს, შეხვედრების ერთობლიობას, რომელთაგან თითოეულს თავისი დატვირთვა გააჩნია საბოლოო თერაპიული ეფექტის მიღების პროცესში. ფსიქოთერაპიული სეანსი არ იწყება და სრულდება თერაპევტის კაბინეტში. თქვენ შეასრულებთ სავარჯიშოებს და მიიღებთ დავალებებს დამოუკიდებლად შესასრულებლად. თერაპიული პროცესის მიმდინარეობისას ახალი კითხვების წამოჭრა და გარკვეული დისკომფორტის შეგრძნება ბუნებრივია. ფსიქოთერაპია არ არის ღიმილი და ყალბი წარმოდგენების შექმნა თქვენი კარგად ყოფნის შესახებ. ფსიქოთერაპიული კურსის დასრულების შემდგომ უნდა დადგეს კონკრეტული თერაპიული ეფექტი, რომელიც აღქმადია კლიენტისათვის და ექვემდებარება ობიექტური კრიტერიუმებით შეფასებას.

5. შენ გაქვს უფლება მოითხოვო შენი მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმების ზუსტი და დეტალური ახსნა!
ფსიქოთერაპიული მომსახურების მიღების დაწყებისას, ასევე მისი მიმდინარეობის განმავლობაში, შეგიძლია მოითხოვო შენი მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები და მათი ახსნა. ამ კრიტერიუმების საშუალებით შეძლებთ ზუსტი ინფორმაციის მიღებას თქვენი მდგომარეობის და მისაღები ან უკვე მიღებული თერაპიული ეფექტის შესახებ. გახსოვდეთ, ფსიქოთერაპია ზოგადი საინტერესო დიალოგი არ არის. ეფექტურ თერაპიულ პროცესს აუცილებლად უნდა მოჰყვეს შედეგი (თერაპიული ეფექტი) რომლის შეფასების კრიტერიუმების მიღებაც თქვენი უფლებაა.
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ გეგმა, რომლითაც ფსიქოთერაპევტი თქვენთან იმუშავებს, გეგმა უნდა შემუშავდეს თქვენი თანდასწრებით, ყოვველი სავარჯიშოს შესრულების წინ თერაპევტმა უნდა გაცნობოთ თუ რას ემსახურება ამ სავარჯიშოს ჩატარება.

აიმაღლე ცოდნა ფსიქოთერაპიის შესახებ და იყავი დაცული არაკვალიფიციური პრაქტიკისაგან!

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

2021 წლიდან საქართველოს
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა
ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული
ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს
აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა
ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?


1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური
სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის
ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში
ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000
სპეციალისტს.
2021 წლიდან საქართველოს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?

1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000 სპეციალისტს.
ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა
განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა,
რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია.
გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის
განსხვავების შესახებ:

ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა, რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია. გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების შესახებ:

დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები და დაელოდეთ ჩვენს ზარს, ან დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ ნომერზე: 599 505 898