სამყარო რესტარტს გვთხოვს - ეკატერინე დარსანიას ბლოგი
ფსიქოთერაპევტ ეკატერინე დარსანიას ბლოგი.
სამყარო "რესტარტს გვთხოვს! 21-ე საუკუნეში, როდესაც მეცნიერება თავისი მიღწევებით მოწოდების სიმაღლეზე მიიჩნევს თავს, უმცირესმა ნაწილაკლა, სახელად covid 19-მა, კაცობრიობა "ფართოდ გახელილი თვალებით" ციფრულ მედიას მიაჯაჭვა, ცხოვრების არანორმალური რიტმიდან ამოაგდო და რესტარტი მოსთხოვა!

დარჩით სახლში“!!!
სამყარომ პანდემიის წინაშე დაგვაყენა და მისგან თავის დასაღწევად, სულ რაღაც, ხელების დაბანა (საკუთარ თავზე ზრუნვა), პირადი საზღვრების დაცვა (ზომიერება) და სახლში/ოჯახთან დარჩენა (ღირებულებების გადაფასება) მოგვთხოვა.
დიდი ხანია ბუნების კანონები დაირღვა, ადამიანებმა ყოველგვარი საზღვრები წაშალეს და სამშობლოს, სოფელს და ოჯახს დაშორდნენ. ალბათ, ოჯახი ყველაზე დიდი ღირებულებაა ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში, მაგრამ სახლში/ოჯახთან დასარჩენად პანდემია დაგვჭირდა!
კაცობრიობის წინაშე წამოჭრილი დღევანდელი პრობლემა, თავისი სპეციფიურობით, შანსს გვაძლევს შევჩერდეთ, დავფიქრდეთ, შევაფასოთ, გადავაფასოთ და რესტარტირებულებმა ახლებურად გავაგრძელოთ ცხოვრება!

...ამასობაში, სახლში დარჩენილებმა გავიცნოთ საკუთარი ოჯახი და საკუთარი ადგილი აღმოვაჩინოთ მასში!

...ალბათ ბევრმა აღმოაჩინა რომ თურმე, მისი ოჯახის წევრები როგორ შეიცვალნენ... გაიზარდნენ... მოხუცდნენ... როგორ განსხვავებულად ჭამენ, საუბრობენ, იცინიან, განიცდიან, ფიქრობენ, მსჯელობენ... ასევე, აღმოაჩინა თუ როგორ უფრთხილდებიან, აფასებენ, ეფერებიან, ითვალისწინებენ თვითონ მას... ...ზოგი მადლიერია და ბედნიერი, რომ ასე შეუმჩნევლად მტკიცე ციხე-სიმაგრე უშენებია, რომელსაც ვერაფერი ვერ მოერევა... ...ზოგმა აღმოაჩინა, რომ „ციხეში“ ცხოვრობს და წლებია „სასჯელს იხდის“... ზოგი ვერ იგებს, სად არის, ვინ არიან ეს ადამიანები და როგორ მოხვდა ამ გაუგებრობაში... აი, რატომ გვთხოვს რესტარტს სამყარო! მიმოვიხედოთ, გავერკვეთ, გადავაფასოთ, დავაფასოთ!

მიზეზ-შედეგობრივი კავშირი

სოციალურ ქსელში ხშირად ვაწყდებით სტატუსებს, სადაც ადამიანები წერენ თუ როგორ უჭირთ ოჯახთან იზოლაციაში ყოფნა და პატარა წვრილმანიც კი შფოთვას და ფორიაქს იწვევს მათში. ჩინეთში, პანდემიის გამო კარანტინის დროს, ორი თვის განმავლობაში, ოჯახები სახლში გამოკეტილი აღმოჩნდა. მთელი დღეების ერთად გატარებამ კი კონფლიქტის წარმოქმნას შეუწყო ხელი. გარეთ გამოსვლის შემდეგ წყვილებმა ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღეს. დიახ! ეს არ არის გასაკვირი... ეს ბუნებრივია, რადგან შეშინებული ადამიანი, რომლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება გაღიზიანებულია, იმპულსურია და უჭირს ემოციების მართვა. თვითგადარჩენის ინსტიქტი ხომ აგრესიული ინსტიქტია და ის ყოველთვის თავდაცვისკენ მოგვიწოდებს, ხოლო არეალი, სადაც იზოლაციის დროს აღმოვჩნდებით თუ გაუცხოებულია და არ გვაძლევს უსაფრთხოების განცდას, ბრძოლას გვაიძულებს. ჩვენ ხომ გადავეჩვიეთ ერთმანეთს, იშვიათად ვართ სახლში ყველანი ერთად... იშვიათად ვუთმობთ ერთმანეთს და ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს... იშვიათად ვსადილობთ ან ვვახშმობთ ერთად და მაგიდის ირგვლივ განვიხილავთ ოჯახის სამომავლო გეგმებს... იშვიათად ვზრუნავთ ერთმანეთზე და ვკითხულობთ ერთმანეთის სატკივარს თუ სიხარულს... იშვიათად ვკონტაქტობთ შვილებთან და ვუგდებთ მათ ყურს... იშვიათად ვეფერებით ჩვენს მშობლებს და გამოვხათავთ მადლიერებას...

სამყარო შანსს გვაძლევს!
საერთო განსაცდელმა მსოფლიო გააერთიანა ეროვნების, რელიგიური მრწამსის, განვითარების დონის, ეკონომიკური თუ პოლოტიკური მდგომარეობის მიუხედავად და ერთიანად მოსთხოვა სახლში/ოჯახში დარჩენა! ...
ამ დროს, არანორმირებული სამუშაო გრაფიკისგან განთავისუფლებულებს, უპრეცენდენტო შესაძლებლობა მოგვცა დავუბრუნდეთ ბუნების კანონებს და საკუთარ ოჯახზე, მის წევრებზე და საკუთარ თავზე ვიზრუნოთ.

სახლში დარჩენა შანსს გვაძლევს ჩვენს ოჯახებს დავუბრუნოთ უსაფრთხოების, მზრუნველობის, აღზრდის, სასიცოცხლო ენერგიების აღდგენის ფუნქცია. სახლში დარჩენით, სამსახურის თუ გარესამყაროს რითმით გამოწვეული სტრესორების მინიმუმამდე შემცირებით, გვეზოგება ენერგიები, რომელიც გვჭირდება პანდემიასთან გასამკლავებლად, კრიზისების დასაძლევად, ერთმანეთზე საზრუნავად, ჩვენი შვილების ხმაურის, სიცელქის, უსასრულო კითხვების მოსასმენად, მშობლების მოსაფერებლად და მადლიერების გამოსახატავად. სახლში დარჩენა შესაძლებლობას გვაძლევს ახლიდან ვისწავლოთ თანაცხოვრება! სამყაროს მოთხოვნა - „დარჩით სახლში“ - დაგვაფიქრებს წლების წინ გაკეთებული საკუთარი არჩევანის სისწორეზე, მახინჯ გაერთიანებას დაგვაშლევინებს ან გამოგვაჯანსაღებინებს, შეგვაფასებინებს და გადაგვაფასებინებს. საჭიროების შემთხვევაში, რესტარტირებულებს, ძალადობრივი სისტემის დანგრევას გვაიძულებს და ხელახალი არჩევანის შესაძლებლობას მოგვცემს. და ბოლოს.

სახლში დარჩენით თუ ვიზრუნებთ ოჯახზე და არ დავიშურებთ ამისთვის ჩვენს რესურსს, გავხდით მას ჯანსაღ მიკროსამყაროდ, სადაც თითოეულ ჩვენთაგანს შეეძლება მიიღოს უსაფრთხოება, მზრუნველობა, მხარდაჭერა, და სიყვარული, მაკროსამყარო მიიღებს ნამდვილ-ჭეშმარიტ პიროვნებას. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს სამყაროს გაკეთილშობილებას. აი რატომ გვთხოვს სამყარო რესტარტს!

გაგვიზიარე შენი აზრი

პარტნიორები

დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები და დაელოდეთ ჩვენს ზარს, ან დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ ნომერზე: 599 505 898