რა პრობლემები შეიძლება წარმოშვას
ჭარბმა წონამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით?
ვითარდება მუდმივი ემოციური
დაუკმაყოფილებლობა, ქვეითდება საკუთარი ძალების რწმენა, განურჩევლად
ასაკისა, ჩნდება შიში, რომ საზოგადოება არ მიიღებს მას
საზოგადოებრივი წნეხის გამო არცთუ
იშვიათად ვითარდება დანაშაულის შეგრძნება, მარტოობის მტანჯველი
განცდა.
ვითარდება მრავალგვარი
სომატო-ნევროლოგიური დაავადებები, დისფორეა, დეპრესია. პრაქტიკულად
ორგანიზმი იმყოფება მუდმივი სტრესის მდგომარეობაში და მიუხედავად
იმისა, რომ სტრესორი დაბალამპლიტუდიანია, მუდმივმოქმედია. ეს კი ქმნის
საშიშროებას პოსტსტრესული სინდრომების განვითარებისა.
თავად ფსიქიკური ფაქტორები,
რომლებიც ეწინააღმდეგება წონის დაკლებას შეიძლება მოვიაზროთ, როგორც
ორგანიზმის წინააღმდეგობა, ე. წ. საკუთარი მდგომარეობის დაცვა.
ვითარდება შინაგანი კონფლიქტი იმ სუბ პიროვნებასა (რომელსაც სურს
გახდომა, რომელიც გვაიძულებს არ ვჭამოთ, გვიკრძალავს, გვებრძვის) და
იმ სუბ პიროვნებას შორის, რომელსაც სჯიან, ებრძვიან,
ეჩხუბებიან.
ეს კონფლიქტი შეიძლება მოვიაზროთ, როგორც კონფლიქტი ჭკუასა და სხეულს შორის. ამ ომში გამარჯვებული სამწუხაროდ არ არსებობს.
1. მძიმე სხეული არაცნობიერად ასოცირდება მდგრადობასთან, სტაბილურობასთან, ავტორიტეტულობასთან.
2. ფართო საზღვრები (მოცულობაზე დაყრდნობით) საშუალებას იძლევა სხვებისგან დაშორების, ქმნის ფიზიკურ დისტანციას, რომელიც ფსიქოლოგიური დისტანციის ტოლფასია.
3. ის, რომ მსუქანი სხეული ესთეთიკურად მიმზიდველი არ არის, გვიცავს არასასურველი ურთიერთობებისაგან, გაუცნობიერებლად ცხიმოვანი ქსოვილი ხომ გარე, მტრული სამყაროსაგან დაცვასთან ასოცირდება.
4. მარტოხელებისათვის სიმსუქნე საკუთარი მარტოობის გამართლებაა.
5. ეჭვიანი პარტნიორის არსებობისას ე.წ. ერთგულების ქამარია.
6. ჰობი_გახდომა. მასზე ჭარბწონიანის მთელი ცხოვრება იხარჯება. მასში მთელი მისი ენერგეტიკაა ჩადებული და რომ გახდეს, ხომ აღარ იარსებებს ჰობი?!
7. არაცნობიერად სიმსუქნე ასოცირებულია შინაგან სისავსესთან, კარგ ცხოვრებასთან.
ხშირად მოვისმენთ: ნებისყოფა არ მეყო ბოლომდე დამეკლო წონაში. ამას კი შედეგად ხანგრძლივი მტანჯველი დიეტის და ვარჯიშის შემდეგ კიდევ უფრო მეტი კილოგრამების აკრეფა მოჰყვება ხოლმე. რა არის მიზეზი ხანმოკლე შედეგისა?
აღმოჩნდა, რომ ეს იმ პოზიტივებზეა
დამოკიდებული, რომელიც ჭარბი წონის ადამიანისთვის უკვე გამოცდილებაა.
ნუ დავივიწყებთ, რომ საკვებს პირველადი ღირებულებების გარდა (
იგულისხმება კვებითი ღირებულებები _ ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და
ა.შ.) გააჩნია ზეღირებულებებიც.
მაგალითისდათვის შემიძლია ზოგიერთი
მათგანი გაგაცნოთ:
1. საკვები როგორც საყოფაცხოვრებო
ანტიდეპრესანტი _ გაიხსენეთ დამღლელი დღის შემდეგ რა მადიანად
შეექცევით გემრიელ საკვებს.
2. საკვები, როგორც შფოთვისა და
ფორიაქის დაძლევისთვის საჭირო საშუალება (სხვადასხვა მოლოდინებისას და
ა. შ.)
3. საკვები, როგორც ტკბობის
საგანი. რომელიმე იტყვით, რომ არ ხართ გურმანი?!
4. საკვები, როგორც ურთიერთობის
ფაქტორი. ქართული სუფრა და სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია ამის
ბრწყინვალე მაგალითია.
5. საკვები, როგორც თვითგამოხატვის
საშუალება. გაიხსენეთ როგორ ვიქებთ თავს სხვადასხვა კერძის მომზადების
გამო, ანდაც მრავალფეროვანი ოჯახური მენიუს გამო.
6. თვითდამკვიდრების საშუალება.
კარგი სუფრით საზოგადოებაში თავის წარმოჩინება და დამკვიდრება.
7. საკვები, როგორც
მოწყენილობისაგან ხსნა.
8. საკვები, როგორც თავის
განებივრების საშუალება_ არ განებივრებენ სხვები? შენ როგორ ანებივრებ
საკუთარ თავს? თავად განსაჯეთ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და
მიხვდებით მოკლევადიანი შედეგის მიზეზს.
მაშ რა ვქნათ? როგორ
ვიბრძოლოთ?
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა
სათანადოდ გავიაზროთ შექმნილი მდგომარეობა, გამოვკვეთით რამდენად
მნიშვნელოვანია ჩვენთვის წონის მომატება, ან დაკლება, გავიაზროთ მისი
შედეგები და შემდეგ ვიმოქმედოთ იმ ჩვენთვის ყველაზე მიღებული
მეთოდების ერთობლიობით, რომელთაგან უპირატესობა ფსიქოკორეგირებას უნდა
მიენიჭოს.
იხ. ნაწილი I
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.